მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ გალიფ ოზთურქი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის 500 ლარით დააჯარიმა

62c56664aceb4
თათია ჩაფიჩაძე
06.07.22 14:51
12217
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. საქმე ის არის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა, რომელიც გალიფ ოზთურქის მიერ მარიხუანას შეძენა-შენახვას-გადაზიდვას ან გადაგზავნას ეხებოდა.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

გადაწყვეტილებას მისი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.თავად ბიზნესმენი პროცესს დისტანციურად დაესწრო.

დღევანდელ პროცესზევე ადვოკატმა თენგიზ კახიძემ ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის თანახმადაც, დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა.

ექსპერტიზის დასკვნა „მეტრო ჰოლდინგმა“ გუშინ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები." დასკვნის გასაჯაროება კი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ახსნეს.

"მეტრო ჰოლდინგის" განცხადება:

„დღეს ბ-ნი ოზთურქის ადვოკატები ასაჯაროებენ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოძიებამ მიაწოდა დაცვის მხარეს, კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 ივნისს დასკვნით დადგენილია, რომ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

"მეტრო ჰოლდინგის" ადვოკატათა განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომელსაც ბრალდებულის დაკავების დღიდანვე გამოვხატავდით; კეძოდ, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არ ეკუთვნის ბ-ნ გალიფ ოზთურქს და მისი „აღმოჩენა“ მთელ რიგ კითხვებს ბადებს, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად გაეცემა პასუხი. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ გალიფ ოზთურქის უდანაშაულობის შესახებ წარდგენილ ბრალდებაში, რაც სასამართლოსა და ფართო საზოგადოების წინაშე დადასტურდება საქმის სასამართლოში განხილვის დროს," - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 30 მაისს, ბათუმში მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენმა დიდი ოდენობით გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქს ამ დრომდე ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს. 2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები