ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის $10-მილიარდიანი სარჩელი მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის და გამოცემა The Wall Street Journal-ის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
პრეზიდენტი WSJ-ს ცილისწამებაში ადანაშაულებდა იმ სტატიის გამო, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტრამპმა მსჯავრდადებულ ჯეფრი ეპშტეინს 50 წლის იუბილეზე უხამსი შინაარსის წერილი გაუგზავნა. მოსამართლე დარინ გეილსის განმარტებით, სარჩელში არ იყო წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ გამოცემამ ინფორმაცია ბოროტი განზრახვით გამოაქვეყნა.სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო პირებმა ცილისწამების დამტკიცებისას უნდა აჩვენონ, რომ მოპასუხემ განზრახ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ WSJ სტატიის გამოქვეყნებამდე დაუკავშირდა ტრამპს, იუსტიციის დეპარტამენტსა და FBI-ს, რაც ადასტურებს, რომ რედაქციამ ფაქტების გადამოწმება სცადა. გარდა ამისა, სტატიაში მითითებული იყო თავად პრეზიდენტის უარყოფაც, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ბოროტი განზრახვის ბრალდებას. მიუხედავად სარჩელის უარყოფისა, მოსამართლემ ტრამპს უფლება მისცა, 27 აპრილამდე შესწორებული სარჩელი ხელახლა შეიტანოს.
ცნობისთვის, დავის საგანს წარმოადგენს 2024 წლის ივლისში გამოქვეყნებული მასალა, რომლის მიხედვითაც, ეპშტეინის საიუბილეო ალბომში ტრამპის წერილიც აღმოჩნდა. WSJ-ის ცნობით, ტექსტი ჩასმული იყო შიშველი ქალის მოხაზულობის ჩარჩოში, რომელიც ხელით იყო დახატული.
ტრამპის იურიდიული გუნდი აცხადებს, რომ ისინი მიჰყვებიან მოსამართლის მითითებებს და შეიტანენ განახლებულ სარჩელს, რათა პასუხისმგებლობა დააკისრონ მათ, ვინც „ყალბ ახალ ამბებს“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ The Wall Street Journal-ს Dow Jones & Co. ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მერდოკის საკუთრებაში არსებული მედიაჰოლდინგის, News Corp-ის ნაწილია.
გამოცემის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოხატეს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ისინი სრულად ენდობიან საკუთარი ჟურნალისტური გამოძიების სიზუსტეს და WSJ-ის გუნდის პროფესიონალიზმს.




























