სასამართლოს გადაწყვეტილებით გამარჯვებული თავად მართლმადიდებელი ეკლესიაა,- ასე ეხმაურება ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპატრიარქოს რიგი პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება აღარ ექნება. კონკრეტულად საუბარია ნორმებზე, რომელთა მიხედვითაც, მთავრობას აეკრძალება ქონების უსასყიდლოდ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემა, საპარტიარქოს კი მოუწევს დღგ გადაიხადოს მის მიერ დაკვეთილი ტაძრების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე (ან შეღავათი სხვა კონფესიებზეც გავრცელდება).
საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად მიღება 8 კონფესიამ მოითხოვა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია იყო.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არამარტო იმ ჯგუფის გამარჯვება, ვინც ეს სარჩელი შეიატანა, არამედ ყველასი. პირველ რიგში, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის გამარჯვება, რადგან არაფერი ისე არ ვნებს ეკლესიას, როგორც განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მდგომარეოაბში ყოფნა. ასე იყო ეკლესიის ისტორიის 2 ათასი წლის განმავლობაში.
ეკლესია ძლიერია მაშინ, როდესაც თავისუფალია ყოველგვარი პრივილეგიებისა და ზეგავლენებისგან. გარდა ამისა, გამარჯვებულია ქართული სახელმწიფო, რადგან ქართული დემოკრატიისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო დროს გვაქვს მოსმენილი. ის ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების თანასწორობას კანონის წინაშე და ეს ქვეყანა აშენდება არა იმის მიხედვით, ვის აქვს სიმბოლური კაპიტალი, არამედ იმის მიხედვით, რომ ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე მიუხედავად მისი ეროვნების, რელიგიური კუთვნილებისა.
პირველი და მთავარი რელიგიური პერსპექტივიდან, ისევე როგორც სამართლებრივი და კულტურული პერსპექტივიდან, იყო ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ყოფილიყო თანასწორი სამართლის წინაშე. როგორც კი შეიქმნება არათანასწორობის გარემო, სახელმწიფო იწყებს რღვევას“,- ამბობს მიტროპოლიტი.

























