მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლოს გაშუქების და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი კანონები ამოქმედდა

ფოტო/ვიდეო სასამართლოში

უკვე ძალაშია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიას სასამართლოში მუშაობას უზღუდავს, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონში ცვლილებები.

ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული და მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონები საკანონმდებლო მაცნეზე 27 ივნისს გამოქვეყნდა.

უფრო დეტალურად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებებით: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის გადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.

"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" შესახებ კანონში ცვლილებებით კი რადიკალურად ცვლის ცილისწამებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს. კანონის ახალი რედაქციით მათ შორის ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება; სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება; თუკი აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო "ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ახლა უკვე მოიცავს "პირისპირ შეურაცხყოფას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას“. კანონს 100-დღიანი უკუძალა ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები