ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რაც საქართველომ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე უნდა გადალახოს.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს სურს მეტი პროგრესი დაინახოს სასამართლო სისტემის განმტკიცების, არჩევნების ჩატარების და ინსტიტუტების განმტკიცების პროცესში.
კითხვაზე, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთოს დასკვნას და მასში არსებულ დარღვევებს ეხებოდა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ აღნიშნული დასკვნა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ რეფორმირება აუცილებლად უნდა განაგრძოს.
"ნატოს 29 წევრმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს არის ურყევი და მკაფიო გადაწყვეტილება. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინსვლა და განვითარება, სწორედ რეფორმებზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული საქართველოში, რათა მოხდეს თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება, დაიხვეწოს სასამართლო სისტემა, მიღწეული იყოს ნატოს სტანდარტები - ჩვენ ვაღიარებთ რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ამით მოხარული ვართ და ამასთანავე, მოგიწოდებთ, რომ რეფორმები კიდევ უფრო გააძლიეროთ. ჩვენ თქვენ მხარდამხარ ვმუშაობთ ამისთვის. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
წევრობის საკითხს კი ერთობლივად გადაწყვეტს საქართველო და კავშირის წევრი ქვეყნები - სხვას ამის გადაწყცეტის არავითარი უფლება არ აქვს.
რაც შეეხება არჩევნებს, მე ჩავინიშნე, რაც იყო ეუთოს დასკვნაში, ჩემი აზრით, ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომ საქართველომ რეფორმირება განაგრძოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ დემოკრატიული პროცესი მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს კარგია საქართველოსთვის, ეს ამასთანავე სასიკეთოა თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა ნატოს წევრობისკენ გზაზე პროგრესს მიაღწიოთ. უფრო მეტიც, ჩვენ ვისურვებდით დავინახოთ უფრო მეტი პროგრესი საქართველოს მხრიდან, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და განსაკუთრებით ის თუ როგორ ტარდება ქვეყანაში არჩევნები,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 25 მარტს ჩამოვიდა.

























