ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად კვლავ სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურება რჩება. იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის პარტნიორის ოთარ მაჩაიძის განცხადებით, შექმნილი ვითარების ფონზე, ბიზნესსექტორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს ენიჭება.
როგორც ოთარ მაჩაიძემ BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" აღნიშნა, კომპანიისთვის არბიტრაჟი და მედიაცია განსაკუთრებული სპეციალიზაციის სფეროა, სადაც გუნდი როგორც პრაქტიკული, ისე აკადემიური მიმართულებით არის ჩართული. მისივე თქმით, 2026 წლისთვის მოლოდინები მზარდია და ბიზნესი სულ უფრო ხშირად ცდილობს, თავი აარიდოს ხანგრძლივ სასამართლო დავებს.
„სასამართლოში გაჭიანურებული დავები მთავარი პრობლემაა, რაზედაც ყველა თანხმდება. ჩვენ შეგვიძლია ცალსახად და არათავმდაბლურად განვაცხადოთ, რომ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მიმართულება ჩვენი განსაკუთრებული სპეციალიზაციის სფეროა, სადაც ჩართული ვართ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული მიმართულებით. აკადემიურ მიმართულებაში ვგულისხმობ იმას, რომ ფაქტობრივად, კომპანიის სამივე პარტნიორი ამ მიმართულებით აკადემიური კუთხითაც საქმიანობს, იქნება ეს ლექციები თუ კვლევები. ამიტომ ეს საკითხი საკმაოდ სიღრმისეულად ვიცით და აქედან გამომდინარე დაინტერესებულ პირებს შესაბამისი კვალიფიციური მომსახურება შეგვიძლია შევთავაზოთ. ჩვენი მომსახურება ამ კუთხით გულისხმობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო არბიტრაჟებში წარმომადგენლობას და ჩვენი პარტნიორები წარმომადგენლებად და არბიტრებად აქტიურად ინიშნებიან.
ანუ ერთი მიმართულებაა, სადაც ჩვენ როგორც იურიდიულ სერვისს ვთავაზობთ კლიენტს, რაც ნიშნავს, რომ წარმოვადგენთ მხარის ინტერესებს, თუმცა გარდა ამისა, მომსახურებას ვწევთ როგორც არბიტრები. ჩვენი მომსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ არბიტრაჟში წარმომადგენლობით, ასევე მოლაპარაკებებში და მედიაციაში, სადაც კიდევ უფრო შეიძლება მეტი სისწრაფე იყოს უზრუნველყოფილი მხარისთვის და ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეს არის, რომ დავის პრევენცია წარვმართოთ ისე, რომ მხარეს არ მოუწიოს არბიტრაჟში ან სასამართლოში შემდგომ დავის გაგრძელება“, - განაცხადა ოთარ მაჩაიძემ.
კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზით, 2026 წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება დავები: კონკურენციის სამართლის მიმართულებით და საგადასახადო კუთხით, მათ შორის სუროგატ პირებთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ბიზნესს სათანადო დაცვასა და ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს“, - აღნიშნავს მაჩაიძე.
ცნობისთვის: J&T Consulting-ი ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და სრულად არის ფოკუსირებული ბიზნეს სამართალზე, მათ შორის ტრანზაქციებისა და რთული კომერციული დავების მართვაზე.




























