საქართველოში "მედიაციის შესახებ კანონის" ამოქმედების შემდეგ არბიტრაჟი ნაკლებად აქტუალური გახდა - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში იურისტმა ანა ჯალაღონიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მედიაციის პროცესს, სტანდარტულ საარბიტრაჟო დავასთან შედარებით, არაერთი უპირატესობა აქვს.
"მედიაცია ვადებში განსაკუთრებულად მიმზიდველია. გარდა ამისა, ის იძლევა საშუალებას, მხარეებს შორის ურთიერთობა შენარჩუნდეს, რაც ბიზნესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არბიტრაჟს თავისი პლუსები აქვს და თუ შევადარებთ სტანდარტულ სასამართლო პროცესთან, უპირატესობაც აქვს, ამაზე საუბარი ცალსახად არც არის. თუმცა, თუ საუბარში შემოდის მესამე კომპონენტი, მედიაცია, ცალსახა უპირატესობა მედიაციის მხარეს არის. ეს არის სწრაფი, სანდო პროცესი, იმიტომ რომ მხარეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების შედეგობრივი ნაწილი არ არის დამოკიდებული მესამე პირის ანალიზზე. მედიაციის დროს მხარეები მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომლის ფარგლებში კონსენსუსი მიიღწევა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივემ მიიღო სარგებელი ამ პროცესში. სასამართლოში ყველას პრობლემა თუ აქვს, ეს არის ვადა და აღსრულება - მედიაციას ორივე კომპონენტში აქვს უპირატესობა სტანდარტულ სასამართლო და საარბიტრაჟო პროცესებთან შედარებით", - განაცხადა ანა ჯალაღონიამ.
როგორც იურისტი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, მედიაციის უპირატესობა მასთან დაკავშირებულ ხარჯებშიც არის, რადგან ეს პროცესი ბიზნესს გაცილებით იაფი უჯდება.
"მედიაცია გაცილებით მოგებიანია, იმიტომ რომ დანახარჯის ნაწილი, როგორც პროცესის მხარდაჭერის ნაწილში, ასევე მომსახურე ჩართულობის და გადასახადის ნაწილში, რომელიც სავალდებულო სასამართლოს შემთხვევაში არის პროცენტული, აქ კი ცოტა სხვა მოცემულობა. მედიაციაშიც არსებობს გარკვეული სავალდებულო გადასახადი, თუმცა, თუ შევადარებთ, ჯამური ეფექტი როგორი აქვს, რა ერთს და რა მეორე პროცესს, მედიაცია გაცილებით იაფია, მოგებიანია ბიზნესის კუთხით და სწრაფია. ფაქტობრივად გამოდის, რომ თქვენ (უკიდურესი ზღვარი რომ ავიღოთ) 90 დღეში გაქვთ აღსრულებადი საბოლოო გადაწყვეტილება, რაც შეუძლებელია მოხდეს სტანდარტულ პროცესში", - ამბობს ანა ჯალაღონია.
BMGDrive-ის სტუმარი მიიჩნევს, რომ სასამართლო-საარბიტრაჟო დავების 80%-მდე შესაძლებელია, მედიაციით გადაწყდეს.
"როგორც წესი, დავების უმეტესობა, 70-80%, რომლებიც სასამართლოში მიდის, სწორი და დროული სამედიაციო ჩართვის შემთხვევაში, გადაწყვეტადია. და პრობლემა რაშია? პირველ რიგში, მაღალ მოლოდინებში, რომელიც ქმნის ერთი მხარის პირად სუბიექტურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადვოკატები რეალობის ტესტს ნაკლებად ატარებენ მხარეს. დავასთან დაკავშირებით მას რა გათვლასაც ეუბნებიან, როგორც წესი, უფრო სასურველი შედეგის აღწერაა, ვიდრე შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ის დავები, რომლებიც ამ კატეგორიას მეკუთვნებიან, მედიაციაში გაცილებით უფრო კარგი სამართავია, რადგან რეალობის ტესტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა", - განაცხადა ანა ჯალაღონიამ.
ცნობისთვის, მედიაციის შესახებ კანონი 2020 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, რის შემდეგაც საქართველოში სამოქალაქო დავების გადაწყვეტის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი გაჩნდა.




























