მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ

საზღვარი

სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ. შესაბამისი ცვლილება 2013 წლის 31 დეკემბერს დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში მთავრობის მიერ გამოცემული 2026 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით ამოქმედდა.

კერძოდ, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებისთვის განსაზღვრულ პირობებში ცვლილება შევიდა. კერძოდ, პირი, რომელიც ფლობს მსგავსი ტიპის ავტოსადგომს („დარიალის“ შემთხვევაში − სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არა უმეტეს 25 კმ-ის რადიუსში, ხოლო სხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტების შემთხვევაში − სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომები), ვალდებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარუდგინოს აზომვითი ნახაზი, რომელიც ასახავს ავტოსადგომზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, ავტოსადგომის შესასვლელსა და გასავლელს, გასაჩერებელი ადგილების განლაგების სქემასა და სხვა ობიექტებს.

გარდა ამისა, ახალი დადგენილებით, აღნიშნულ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის გადასახდელი საფასურის თანხის საერთო ოდენობა, ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი განაკვეთისა და დგომის ხანგრძლივობის მიუხედავად, არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს.

ცნობისთვის

საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „სადახლო საავტომობილო“, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, “ნინოწმინდა“, „ვალე“, „კარწახი“ მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე 442-ე დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს და ჩართულნი არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ავტოსადგომებზე რიგებისთვის თვალის დევნება ელექტრონულად შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები