მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასაზღვრო პოლიცია ერთი ვერტმფრენის იმედად

5b39ab2fe9a31
თამუნა დემეტრაშვილი
02.07.18 09:30
1763
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ამჟამად ერთი "МИ" მოდელის ვერტმფრენის იმედადაა დარჩენილი, რომელსაც ფრენის რესურსი ეწურება. ამის გამო, სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ ბალანსზე არსებული კიდევ ორი "МИ" მოდელის ვერტმფრენის რემონტისთვის, გამარტივებულ შესყიდვაზე დასტურს ითხოვს, რაშიც 10,6 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. სასაზღვრო პოლიციის საავიაციო პარკი ამჟამად „Airbus Helicopters”-ის ფრანგული წარმოებისა და საბჭოთა "МИ" მოდელის ვერტმფრენებისგან შედგება, ამ უკანასკნელებიდან კი მუშა მდგომარეობაში მხოლოდ ერთია. შეგახსენებთ, რომ ერთი ასეთივე მოდელის ვერტმფრენი შარშან ბირჯობში, ტყის ხანძართან ბრძოლის დროს ჩამოვარდა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.

"დღეის მდგომარეობით მზადყოფნაში არსებული ერთადერთი "МИ" მოდელის ვერტმფრენის ფრენა-საათების რესურსი იწურება, უახლოეს მომავალში საქართველოს სასაზღვრო პოლიცია დარჩება აღნიშნული მოდელის საფრენი აპარატის გარეშე. ფრანგული წარმოების ვერტმფრენები კი, მეტად რთული დავალებების შესრულებას ვერ ახორციელებენ.“-ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის უფროსის თეიმურაზ კეკელიძის წერილში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა.

წერილში განმარტებულია, რომ უწყებამ სარემონტო სამუშაოების პოტენციურ შემსრულებლებთან ფასთა გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ქართულ მხარეს ბელარუსული კომპანია „АО „ОРША” სთავაზობს. ფასთა გამოკვლევაში ასევე მონაწილეობდნენ ლიეტუვური, ბულგარული, თურქული, უკრაინული, და რუსულ-სერბული ერთობლივი კომპანიები, ასევე ქართული ,,თბილავიამშენიც“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები