წინანდლის მამულში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის კონცერტების ფონზე, აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა. მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელიც უკვე მეექვსე წელია დაუვიწყარ საშემოდგომო სეზონს სთავაზობს წინანდლის სტუმრებს.
ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედებამ ქართულ სახვით ხელოვნებაში ახალი ტალღა შექმნა. მნიშვნელოვან ჯილდოებთან ერთად, როგორიცაა შოთა რუსთაველისა და ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემიები, მას მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება.
მარიამ კაკაბაძე - გამოფენის კურატორი:
“საშემოდგომო სეზონი ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენით გავხსენით. აქ წარმოდგენილი ექსპოზიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯიბსონ ხუნდაძის შემოქმედების მრავალფეროვნებას. აბსტრაქციებთან ერთად, მუზეუმში წარმოდგენილია ფიგურატიული ნამუშევრები. წინანდლის სტუმრებს სამი თვის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მხატვრის შემოქმედებას”.
ჯიბსონ ხუნდაძის განსხვავებულმა, მკაცრად ინდივიდუალურმა მიდგომამ საბჭოთა იზოლაციის გამოწვევებს სრულიად ახლებურად უპასუხა. იგი მრავალმხრივი მხატვარია, რომლის შემოქმედებაც არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული ფორმატის წესებით. მისი ნახატები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში.
წინანდლის მამულში გამოფენილი ექსპოზიცია შეირჩა ცნობილი კოლექციონერის გივი ფარასტაშვილის ოჯახის კერძო კოლექციიდან.
მაკა არბოლიშვილი - კოლექციონერის ოჯახის წევრი:
„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი საოჯახო კოლექციიდან კიდევ ერთი გამოფენა მოგვეწყო წინანდლის მამულში.შევარჩიეთ მაღალი რანგის მხატვრის, ქართველი აბსტრაქციონისტის ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრები. ვფიქრობ, განწყობითაც და მასშტაბითაც ექსპოზიცია არაჩვეულებრივად ესადაგება წინანდლის ფესტივალს“.
ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრები წინანდლის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ნოემბრის ბოლომდე დარჩება.