მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საშუალო ხელფასის ზრდას 3 მიზეზი აქვს" - ბიზნესის მრჩეველი მიხეილ გაფრინდაშვილი

 მიხეილ გაფრინდაშვილი

საქართველოში საშუალო ხელფასების მკვეთრი მატება არა ეკონომიკური პროდუქტიულობის, არამედ ინფლაციისა და კადრების დეფიციტის შედეგია - ამის შესახებ ბიზნესის მრჩეველი მიხეილ გაფრინდაშვილი აცხადებს და განმარტავს, რომ საშუალო ხელფასის გაორმაგება რეალურ კეთილდღეობაზე არ ასახულა, რადგან მსყიდველუნარიანობა არ გაზრდილა. მისივე პროგნოზით, 2026 წელსაც ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდება.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ანაზღაურება ქვეყანაში 11%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორად IT და ტექნოლოგიები რჩება, ხოლო ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების დარგშია.

“ციფრებში ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ ეს მხოლოდ შეიძლება ილუზორული ზრდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ზრდას აქვს სამი ძირითადი მიზეზი.

პირველი – ეს არის ინფლაცია, რომელიც ოფიციალური მონაცემებით მაღალი არ არის, მაგრამ საკმაოდ მყარად იგრძნობა ჩვენს სამომხმარებლო კალათაზე. ვთქვათ, 2020-დან 2025 წლამდე ხელფასები არის ზუსტად გაორმაგებული - თუ 2020 წელს იყო 1200 ლარი, ახლა არის 2400 ლარი საშუალოდ. 2020 წელი იყო კოვიდ პანდემიით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების რღვევით გამოწვეული ინფლაცია და შემდგომ უკვე მიმდინარეობს ინფლაცია სხვადასხვა საერთაშორისო თუ შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე. ინფლაცია არის ძირითადი წამყვანი მიზეზი ხელფასების ზრდისა, ანუ რეალურად ხელფასი ადაპტირდა ცხოვრებასთან და არ გაიზარდა კეთილდღეობა, ანუ რეალური მსყიდველუნარიანობა.

მეორე მიზეზი, ეს არის სექტორების არათანაბარი განაწილება. ვხედავთ, რომ ისევ ინფორმაციული ტექნოლოგიები, მშენებლობა და საბანკო სექტორი, საბანკო-საფინანსო სექტორია წამყვანი, სადაც ხელფასები ნამდვილად ორჯერ გაიზარდა, მაგრამ თუ შევხედავთ იგივე განათლებას, რაც ყველაზე სამწუხაროა, და სოფლის მეურნეობას – ერთნახევარჯერაც არ არის გაზრდილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქ დასაქმებული ადამიანების ხელფასები.

მესამე ფაქტორი, რაც ყველაზე მთავარია, ბიზნესს უწევს ხელფასების ზრდა. ჩვენ წინა კვლევებიდან ვიცით, რომ ბიზნესი არ არის კარგ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ მას უჭირს დაქირავებული თანამშრომლების მოძებნა. განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ზრდაში წამყვანია. მაგალითად, ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ IT და ციფრული ტექნოლოგიები და სამშენებლო სექტორი – ეს ორი სექტორი ნამდვილად განიცდის კადრების ნაკლებობას და მათ უწევთ ადაპტირება და ხელფასების უფრო მეტად გაზრდა, ვიდრე სხვა სექტორებში.

ეს სამი ძირითადი მიზეზი მგონია წამყვანი, რამაც გაზარდა ხელფასები და არა, ვთქვათ, ეკონომიკის პროდუქტიულობამ, რაც პრინციპში უნდა იყოს ზრდის წამყვანი ძირითადი მიზეზი. შესაბამისად, ვფიქრობ, 2026 წელი იქნება გაგრძელება 2025-ის და ხელფასების ზრდა განაგრძობს ინფლაციის და სხვა არასაბაზრო ფაქტორების შედეგად ზრდას", - ამბობს ბიზნესის მრჩეველი და პროგრამა Growth and Strategic Adviser-ის დამფუძნებელი, მიხეილ გაფრინდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები