უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ განსხვავებით დიდი ზომის ფართებისა, მცირე და საშუალო საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირებულია.
სააგენტოებში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება უფრო მეტ გავლენას მცირე და საშუალო ბიზნესის გადაწყვეტილებებზე ახდენს. შესაბამისად, ამ სეგმენტის კომპანიების მხრიდან ბოლო თვეებში კომერციული ფართების იჯარაზე მოთხოვნის შენელება ფიქსირდება.
როგორც კომპანია “საკურა ფროფერთიში” BMG-ის განუცხადეს, არაპროგნოზირებადი გარემოა ასევე მთავარი მიზეზი, რის გამოც წლის მეორე ნახევარში მოთხოვნა საოფისე ფართების ყიდვაზეც შემცირდა.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძველ ნიშნულს საარჩევნო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება.
„საშუალო საოფისე ფართებზე მოთხოვნა შენელებულია. ისეთ ბიზნეს ცენტრებში, რომლებშიც ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო ამ ტიპის რაიმე ფართი მოგეძიებინა, დღეს ასეთ ბიზნეს ცენტრებს შედარებით მაღალი მიწოდება აქვთ. გადის თვეები და ეს ბიზნეს ცენტრები თავისუფალ ფართებს იჯარით ვერ გასცემენ. ვიტყოდი, რომ საშუალო საოფისე ფართებზე მოთხოვნა 30-40%-ითაა შემცირებული. თუკი ადრე ჩვენს კომპანიაში საშუალო საოფისე ფართებთან მიმართებაში შესაძლოა, პირობითად 10-15 კომპანიის მოთხოვნა შემოდიოდა, წლის მეორე ნახევარში ეს მაჩვენებელი 5-6 კომპანიამდეა შემცირებული.
რაც შეეხება ყიდვას, საოფისე ფართების ნაწილში ყიდვაზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. თუკი ადრე საოფისე ფართები შესაძლოა, ერთ თვეში გაყიდულიყო, ახლა გასაყიდი კომერციული ფართი ბაზარზე 2-3 თვეც რჩება. ეს ვითარება ცალსახად არასტაბილური პოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული. ბიზნესები უფრო მეტად იჯარას რისკავენ, ვიდრე ყიდვას. იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ სიტუაცია ისევ დასტაბილურდება და კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იმ ნიშნულს დაუბრუნდება, როგორიც ეს წლის დასაწყისში იყო“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ.