მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასიგნალო" იარაღთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება - "ოცნებამ" კანონი I მოსმენით მიიღო

სასიგნალო იარაღი

"ქართული ოცნების" პარლამენტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო, რომლის თანახმად, ე.წ. სასიგნალო იარაღი ცეცხლსასროლ იარაღს გაუტოლდება და ლიცენზირებულ მაღაზიებში მხოლოდ სპეციალური ნებართვით გაიყიდება.

სასიგნალო იარაღი, მისი ვაზნების დამზადება და ამ იარაღით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა იქნება. ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები: - ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით); უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მიმნიჭებელი და სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამცემი შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონაცემები მოიპოვონ ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.

შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი იქნებიან, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით განახორციელონ „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემდგომი გადამოწმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები