მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი - ბრაჭველი "გრანტების შესახებ" კანონზე

საბა

"ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი", - ამის შესახებ იურისტი საბა ბრაჭველი Facebook-ზე წერს.

საუბარია დღეს, 4 მარტს, პარლამენტის მიერ მიღებულ გრანტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე. ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანულ კანონებში. შედეგად ფართოვდება გრანტის ცნება, რაც საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, უცხო ქვეყნის მოქალაქის, იურიდიული პირის ან სახელმწიფო ნებისმიერი ტიპის მატერიალური თუ არამატერიალური დახმარება კონტროლს დაუქვემდებაროს.

"ახლახან მიღებული ცვლილებები გრანტების კანონში კიდევ ერთი ნაბიჯია ქართველი ხალხის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციისთვის. ოცნება მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს არ ჰქონდეს წვდომა ევროპულ განათლებაზე (ამიტომ ხდება აკადემიის სისტემური დემონტაჟი), ევროპულ რესურსებზე (ამიტომ ემუქრებიან ამ კანონით ნებისმიერ უცხოელს ექვსწლიანი ციხით, ქართველების დახმარება თუ გადაწყვიტა), ევროპულ უვიზო მიმოსვლაზე (რომლის შესაჩერებლადაც ყველა ნორმას და ხელშეკრულებას არღვევენ, რაც შეუძლიათ) და, ზოგადად, ევროპული აზროვნების და ცხოვრების სტილზე (რის გამოც გამოაცხადეს მთავარი მტრად ლიბერალური დემოკრატია).

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ ამ ქვეყანაში, რომელიმე მოქალაქეს დახმარების მიღება თუ სურს, მხოლოდ ოცნების გავლით, ოცნებასთან ხვეწნით შეეძლოს ეს. კანონი უკვე ქმნის ფორმალური დასჯადობის საფუძველს ბიზნესის მიერ გასაცემი უფასო დახმარებისა და ქველმოქმედებისთვის, უცხოეთის მოქალაქეების მიერ ფულის გადმორიცხვის (ან თუნდაც წამლის გამოგზავნისთვის), და მოსალოდნელია, რომ მოგვიანებით, როცა საკმარისად მყარად იგრძნობენ თავს, ემიგრანტების თანხების გაკონტროლებასაც სულ სხვანაირად დაიწყებენ.

აღარაფერს ვამბობ ათიათასობით ადამიანისთვის პოლიტიკური პარტიის წევრობის, ან მხარდაჭერის აკრძალვაზე.და რაკი აშკარაა, რა აწუხებს ოცნებას და რის აკრძალვას ითხოვს, ისიც აშკარაა, რა უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგოდ. თორემ, წმინდად საკანონმდებლო კუთხით თუ შევხედავთ, ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი. თუ გაუვიდათ, შემდეგი გაჩერება თურქმენეთი და ერიტრეა იქნება", - წერს ბრაჭველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები