მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასჯელი არაპროპორციული და უსამართლოა" - SJC-ის დირექტორი

თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ მედიასთან, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულ და უსამართლო გადაწყვეტილებად შეაფასა.

როგორც ცნობილია, სასამართლომ ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიქელაძის შეფასებით, სასამართლოს შეეძლო დაენიშნა განსხვავებული, ალტერნატიული სასჯელი, რაც ამ შემთხვევაში არ მოხდა.

„ნამდვილად ადეკვატური იქნებოდა სხვა სასჯელის გამოყენება. სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გააკეთა“, – აღნიშნა მან მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალა და საქმე 353-ე პრიმადან 353-ე მუხლზე გადააკვალიფიცირეს, რაც სასჯელის შემცირებას გულისხმობს, სასამართლომ არ გაითვალისწინა არც საქმის სრული კონტექსტი, არც მზია ამაღლობელის პერსონალური გარემოებები და არც ის საზოგადოებრივი წნეხი, რაც საქმეს ახლდა.

„სასჯელი ჩემი გადმოსახედიდან არაპროპორციულია და უსამართლო. სასამართლოს ნამდვილად შეეძლო სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის გამოყენება, რაც, სამწუხაროდ, აქ ვერ ვიხილეთ – ეს მძიმეა მზიასთვის“, – აცხადებს მიქელაძე.

ის ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენების შედეგია: „როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ განზრახვა იყო, რომ მზია ამაღლობელი უნდა დაისაჯოს და ეს სასჯელი მატერიალიზებული ყოფილიყო – ის ციხეში უნდა იჯდეს. ეს განზრახვა შეასრულეს, თუმცა თითქოს კომპრომისის ჩვენება სცადეს სასჯელის გადაკვალიფიცირებით“, - თქვა მან.

თამთა მიქელაძის ვარაუდით, დაცვის მხარე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას – როგორც სასჯელის კვალიფიკაციის, ისე მის შინაარსობრივად სამართლიანობის კუთხით. შესაბამისად, საქმის გარშემო სამართლებრივი დავა გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება გადაკვალიფირდა 351 პირველი ნაწილზე. განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები