მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე კვლავ მორატორიუმის გამოცხადება იგეგმება

59413de959e8b
დავით ჯალაღონია
14.06.17 17:43
1142
საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე ისევ მორატორიუმის გამოცხადება იგეგმება. ამისთვის საპარლამენტო უმრავლესობის 40 წევრი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა სავალდებულო და წამყვან კომიტეტებში უკვე მიმდინარეობს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მორატორიუმი საჭიროა იმ საფრთხიდან გამომდინარე, რაც შეიძლება საქართველოს კონსტიტუციის კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე დადგეს.

ამასთან, კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მიზეზად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდით სარგებლობისა და განკარგვის ერთიანი სტანდარტის დადგენა და ამ დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა მითითებული.

„საქართველო წარმოადგენს მცირემიწიან სახელმწიფოს, რომლის ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 0.24 ჰა დამუშავების პროცესში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოდის. აქედან გამომდინარე, ამ დარგში სწორი და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის სოციალურ-ეკონომიკური და ეთნიკურ-დემოგრაფიული საკითხების გათვალისწინებით. ამასთან, სახელმწიფოსთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცეს და აგრარული სექტორის განვითარების უალტერნატივო საშუალებას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს“, - წერია განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება აღნიშნული მორატორიუმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს, კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ "საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. შესაბამისად, ლეგიტიმური საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია როგორც სარგებლობის უფლების, ისე თავისუფალი განკარგვის უფლების გარკვეული ვადითა და პირობებით შეზღუდვა".

შეგახსენებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი 2013 წელსაც დაწესდა, თუმცა 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არაკონსტიტუციურად ცნო. 2013 წელს მორატორიუმის გამოცხადების მიზეზებს შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების ამსახველი ისეთი დაბალანსებული მექანიზმის შემუშავება იყო, რომელიც უზრუნველყოფდა ერთი მხრივ, საჯარო ინტერესის დაცვას, მეორე მხრივ კი მისაღებ პირობებს შეუქმნიდა საქართველოში მიწის შეძენის მსურველ უცხოელებს. ასევე მთავრობა მიწის კადასტრის სისტემის შექმნას გეგმავდა, თუმცა მთავრობამ ვერცერთი შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები