„სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები მიმდინარე თვიდან დაიწყება.
ამის შესახებ კანონპროექტის ავტორმა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ „საქმიან დილაში“ განაცხადა.
დანელია ამბობს, რომ კანონი ძალაში სავარაუდოდ, 2 თვის განმავლობაში უნდა შევიდეს.
„ვფიქრობ, ამ თვის ბოლომდე პირველი საკომიტეტო მოსმენები დასრულდება და სასწრაფოდ გავიტანთ სესიაზე. დაახლოებით, თვენახევარი, მაქსიმუმ 2 თვის ინტერვალში საბოლოოდ უნდა დავასრულოთ განხილვები, რომ კანონი შევიდეს ძალაში“, - აცხადებს დანელია.
„სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ არსებული კანონპროექტის მიხედვით, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება. იურიდიული პირის შემთხვევაში, მიწას დაიკანონებს მხოლოდ ის, რომლის დომინანტი პარტნიორი ქართველია ანუ ფლობს კომპანიის წილის 50%-ზე მეტს.
რაც შეეხება მემკვიდრეობითობას, დანელიას განმარტებით, მიწას მხოლოდ ეთნიკურად ქართველი უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს და არანაირი გამონაკლისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ ვრცელდება.
მიწა შესაძლოა გადაეცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საინვესტიციო პირობითაც, თუ ამას საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს.
კანონის ამოქმედების დროს თუ უცხოელი არ გამოიყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ზედიზედ 3 წლის განმავლობაში, მას ჯარიმა დაეკისრება. სანქციები ეხება ფინანსურ ინსტიტუტებსაც, თუ 2 წლის განამვლობაში არ მოახდენენ მიწების გასხვისებას.
კანონპოექტი ითვალისწინებს, ასევე უცხოელის მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის გამოყენების ვალდებულებას. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელმა უნდა მოახდინოს მიწის გასხვისება. მიწის გასხვისება მოუწევს ასევე იურიდიულ პირსაც, თუ საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. გაუსხვისებლობის შემთხვევაში მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.
კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას უკრძალავს ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომელთა მფლობელები უცხოელები არიან. ისინი ვალდებულნი არიან, 2 წლის ვადაში გაასხვისონ მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 80 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

























