ისრაელში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისრაელელი ტურისტების ჯავშნები უქმდება.
როგორც სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარციმელია ამბობს, ნაკადების შემცირება იქნება და იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელელ ტურისტებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვთ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალ ბაზრებზე გადაწყობა.
“ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ალბათ იმაზე, თუ როგორ წავა პროცესი და როგორც ვიცი ისრაელი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, აქტიური ომის ფაზა არის. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, შემცირება თუ შეჩერება ტურისტული ნაკადი იქნება.
უნდა მოხდეს სასწრაფოდ გადაწყობა, რომ დიდი დარტყმა არ მიადგეს საქართველოს ტურიზმის სექტორს, რომელმაც პანდემიის დროს ისედაც დიდი დარტყმა მიიღო. ევროკავშირის ქვეყნებზე უნდა გადავაწყოთ, რუსეთიდან წამოსულ ნაკადზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ისინი აღარ არიან ტურისტები. უნდა გადავეწყოთ ახალო აღმოსავლეთზე, ემიგრანტებზე. გადაწყობა უნდა მოხდეს სამეზობლოზე, თურქეთი სულ უფრო აქტიურად დადის ორგანიზებულ ტურებში,”- ამბობს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარციმელია.
ცნობისთვის, 2023 წლის ექვს თვეში საქართველოში ისრაელიდან 210 178 ვიზიტი შედგა. ისრაელი იმ TOP-5 ქვეყანას შორისაა, საიდანაც წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა და თან 38%-ით მეტი, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს. ისრაელელი ტურისტების კონტრიბუცია მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებშიც, რომელიც პანდემიური 2020 წლის გამოკლებით, ძირითადად, მზარდია; წელს ექვს თვეში, ისრაელიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა საქართველოში 148 მლნ დოლარი დახარჯეს. ბოლო 5.5 წელიწადში კი - მილიარდ დოლარამდე.