მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო, აკვაპარკი, რესტორანი, მარანი - ატენში ახალი ობიექტი შენდება

649d19604374c
ნინო ჩიბჩიური
29.06.23 10:47
1779
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 4,5 ჰა ფართობზე, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორიის მესაკუთრე ადგილობრივი ბიზნესმენის, ვალერიან ლურსმანაშვილის კომპანია "ძველი ატენია", რომელიც აკვაპარკის, სასტუმროს, სპორტკომპლექსის, მარანის და რესტორნის გახსნას გეგმავს.

კომპანიის წარმომადგენლის, ზურა სამხარაძის ინფორმაციით, 5-სართულიანი სასტუმრო 900 კვ-ზე განთავსდება, რომლის ბოლო სართული აპარტამენტებს დაეთმობა. ინვესტიციის მოცულობას კომპანიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ რამდენიმე მლნ-ს მოიცავს და მას მთლიანად ადგილობრივი ბიზნესმენი გაიღებს.

"ამჟამად სასტუმროს პირველი სართულის მშენებლობა მიმდინარეობს, უკვე დასრულდა რესტორნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2300 კვ.მ-ზეა განთავსებული. მისი პირველი სართული 300-400 სტუმრის მიღებას შეძლებს, მეორე სართული კი 120 კაცზეა გათვლილი, თავისი ღია და დახურული სივრცეებით, ვერანდით. ტერიტორიაზე განთავსდება ღვინის მარანი, სპორტკომპლექსი და აკვაპარკიც. ყველა ამ მომსახურების მიღება არა მხოლოდ სასტუმროში მყოფ დამსვენებელს შეეძლება, არამედ სხვა სტუმრისთვისაც იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას ზურა სამხარაძემ.

"ძველი ატენის" წარმომადგენლები ობიექტის გახსნას 2025 წლისთვის ვარაუდობენ. კომპანია ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოზიდვასთან ერთად, ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობასაც აანონსებს. გარდა "ძველი ატენისა", მისი მესაკუთრე ამჟამად კიდევ ორი კომპანიის, შპს "მოდერნ თრეიდის" და შპს "ჯორჯია გოლდის" მფლობელიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები