მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასტუმრო ბიზნესი ისეთი მომხიბვლელი აღარ არის, როგორც პანდემიამდე იყო“ – Hotel Costé

63c5605a8012a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.23 21:38
1750
“სასტუმრო ბიზნესი ისეთი მომხიბვლელი აღარ არის, როგორც პანდემიამდე იყო,“ - ამის შესახებ სასტუმრო Costé-ს დამფუძნებელმა თამარ ბაღდავაძემ განაცხადა.

როგორც მან, გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ტურიზმის სექტორი აღდგენის წლად შეფასდა, სტუმარმასპინძლობის მიმართულებით სასტუმრო ბიზნესი ისეთი მომხიბვლელი არ არის და ინვესტორებიც პროექტების განხორციელებით ნაკლებად ინტერესდებიან.

„გასულ წელს ორ ნაწილად გავყოფდი, პირველ ნაწილში ომის გავლენით ტურისტები აღარ შემოდიოდნენ, მეორე ნაწილში კი მიგრანტების შემოსვლა დაიწყო, ოღონდ ეს არ იყო ტურისტული მიზნით მოგზაურობა, ისინი უბრალოდ დროებით საცხოვრებელს ეძებდნენ. ივნისის შემდეგ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდა. 2022 წელს ფასებით და წლიური დატვირთვით 2019 წლის მაჩვენებელს ვერ დავეწიეთ.

სასტუმრო ბიზნესი იმდენად მომხიბვლელი აღარ არის, როგორც პანდემიამდე იყო. აღარ ვიძახი იმას, რომ ჯერ კიდევ აღდგენის პროცესში ვართ, ჯერ კიდევ ვერ დავდექით ფეხზე, ეს არასტაბილურობაა ვერ გავიგეთ რაზე ვართ დამოკიდებული ტურისტებზე თუ მიგრანტებზე.

თუ პანდემიამდე გვქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტი ბაზარი უნდა აგვეთვისებინა, ახლა სასტუმროები ისეთი სიხარულით აღარ შენდება და ინვესტორები, იმდენად აღარ შემოდიან, როგორც ეს პანდემიამდე ხდებოდა. ეს მონაცემები ძალიან შემცირდა. რა თქმა უნდა, სექტორი ისე აღარ ვითარდება როგორც ვითარდებოდა“, - განაცხადა თამარ ბაღდავაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის პირობებში, სასტუმრომ გასულ წელს დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურება 30%-ით გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები