კახეთში, კერძოდ სიღნაღში საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის მონაწილეობით, სასტუმრო „ბოდბე“-ს მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა - ამის შესახებ BM.GE-ის ფონდში განუცხადეს.
სიღნაღში $40 მილიონიანი სასტუმრო პროექტს კომპანია „სასტუმრო სიღნაღში“ ახორციელებს, რომლის 70%-იანი წილის მფლობელი „სიღნაღი ჰოლდინგი“ და 30%-იანის კი „ეს.სი რეალ ისთეით დეველოპმენტია“. სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, „სიღნაღი ჰოლდინგს“ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდის“ შვილობილი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ მართავს. რაც შეეხება „ეს.სი რეალ ისთეით დეველოპმენტს“, ის ივანე ჩხარტიშვილის „სმარტ კაპიტალ გრუპის“ პორტფელში ერთიანდება.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე დაკორექტირდა. ტურიზმის განვითარების ფონდში მაშინ განმარტავდნენ, რომ მიზეზი პანდემია იყო. ბოლო თარიღად კი 2024 წლის პირველ კვარტალს ასახელებდნენ, აქედან გამომდინარე BM.GE-მ ტურიზმის განვითარების ფონდს კითხვით მიმართა - როდის იგეგმებოდა სასტუმროს გახსნა. დღეს ფონდში აცხადებენ, რომ სასტუმრო გახსნა 2024 წლის ბოლოს იგეგმება. მათივე მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნია, რომ ეს რიცხვიც ვადების ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა. პროექტის თავდაპირველი ფასი 22 მლნ დოლარი იყო, 2022 წლისთვის ეს თანხა 27 მლნ დოლარამდე, 2023 წელს კი 36 მლნ დოლარმდე გაიზარდა.
„132-ნომრიანი სასტუმრო აერთიანებს 3 სხვადასხვა ტიპის რესტორანს, რამდენიმე ბარს, სპა ცენტრს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, ფიტნესს დარბაზს და ა.შ. სასტუმროში ასევე განთავსებულია 600 მ2 საკონფერენციო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება მაღალი რანგის ღონისძიებების ჩატარება.
პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმროს გახსნა კი 2024 წლის წლის ბოლოს იგეგმება“, - აცხადებენ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში.