"ჩვენთვის სხვა პირობები მიუღებელია, რისთვის ვიბრძოდით მაშინ 5 წელი სასამართლოში?!",- ამის შესახებ სასტუმრო ბუდაპეშტის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობაზე მსჯელობდნენ.
უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირაში კომპანიის მშენებლობის ნებართვა ძალაში დატოვა, თუმცა მერიისთვის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია.
"ზარალი საკმაოდ დიდია, ამას დათვლიან. იმის გარდა, რომ არის ზოგადად ზარალი პროექტისთვის, ასევე არის დრო, რომლის გამოც ყოველდღიურად ვკარგავთ შემოსავალს. ჩვენ ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული უცხოელ ინვესტორებთან, რომლისთვისაც უნდა გადაგვეცა მართვაში სასტუმრო, რომელთათვისაც უნდა გადაგვეხადა თანხა. იმის მაგივრად, რომ მოგველაპარაკონ, დაგვაწყებინონ მშენებლობა, რომ ჩვენ ზიანზე არ ვუჩივლოთ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც რესტორანი, რომელიც იქ იყო ან გადავცვალოთ მიწა სადღაც...ჩვენ არ გვაქვს გაცვლის სურვილი, არ გვაქვს არც იმის სურვილი, რომ ავაშენოთ 100 კვადრატულ მეტრიანი რესტორანი.
5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა ჩვენი უფლებები, დღეს მივდივართ და ზუსტად იგივეს აკეთებენ",-აცხადებს ზაქაიძე.
მისივე თქმით, კომპანიას ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში აქვს.
"არაფერს ვადა არ გაუვიდა. ჩვენ 2013 წელს გვაქვს აღებული ნებართვა, რომელიც არის უვადო. ამ ნებართვის საფუძველზე ავტომატურად ვალდებულები არიან, რომ გაგვიგრძელონ მშენებლობის ნებართვა. სიცრუეა, რონ ჩვენ არ გვაქვს რაღაც საბუთები წესრიგში",- ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
კითხვაზე რამდენად ადასტურებს ის თბილისის ყოფილ მერთან გიგი უგულავსთან მეგობრობას, რომელმაც "რეგულაციები სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელებისთვის შეცვალა",ზაქაიძე პასუხობს: "ტრამპიც ჩემი მეგობარია და ისიც ცვლის კანონებს ახლა"...

























