სვანეთში, ივლისში ამოქმედებული სასტუმრო „ჩათინი მესტია“ განვითარებას განაგრძობს, პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია.
სასტუმროს დამფუძნებელი და დირექტორი თათია ჯაფარიძე BM.GE-სთან ამბობს, რომ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყეს, თუმცა პანდემიამ პროცესი შეაჩერა. მფლობელებმა მისი ამოქმედება მხოლოდ წელს, მას შემდეგ შეძლეს, რაც ინტერიერი მოაწყვეს. 15-ნომრიანი სასტუმრო დღეს განვითარების ეტაპზეა, რაც მეოთხე სართულზე ღია და დახურული ბარის, საკონფერენციო დარბაზის მოწყობას და გარე ფასადის გაკეთებას მოიცავს. ბუტიკური ტიპის სასტუმროს მოწყობისთვის დამფუძნებლები პირადი და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ სესხის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ჯამში 2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებენ.
„აწარმოე საქართველოს“ სესხის თანადაფინანსების პროგრამა პროექტის განხორციელებისას ჩვენი მაშველი აღმოჩნდა. პროექტის განხორციელება პანდემიამდე დავიწყეთ, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო გავაჩერეთ. პანდემიური ვითარების გადავლის შემდეგ კი პროექტის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულებას, რაც ღია და დახურულ ბარს, საკონფერეცნიო სივრცეს და გარე ფასადს მოიცავს, ზამთრის სეზონისთვის ვგეგმავთ“, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.
ოპერირების დაწყებიდან დღემდე „ჩათინი მესტიას“ დატვირთვით მისი ხელმძღვანელი კმაყოფილია და ამბობს, რომ მათ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელი ტურისტებს უმასპინძლეს.
„მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო სრულად დასრულებული არ არის, მისი დატვირთვა გახსნიდან დღემდე მოსალოდნელზე მაღალი იყო. სტუმართა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელის, ლატვიის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები. აგვისტოს თვე სრულად წინასწარი ჯავშნებით იყო დატვირთული, დღეს კი სტუმრებს ისედაც ვმასპინძლობთ“, - აღნიშნა სასტუმროს დირექტორმა.
„ჩათინი მესტიაში“ ორი ადამიანის ერთი დღით განთავსების ღირებულება საუზმით, 140 ლარიდან იწყება და ნომრის ტიპის მიხედვით იცვლება. სასტუმროს დირექტორი აღნიშნავს, რომ თუ დღეს თავის სტუმრებს მხოლოდ საუზმეს სთავაზობენ, პროექტის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში დამსვენებლები სადილისა და ვახშმის სერვისსაც მიიღებენ.
სასტუმრო დღეს 10-მდე ადამიანს ასაქმებს და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, მესტიაში კადრების დეფიციტია. „ძალიან ძნელია სასტუმროს პერსონალის მოძიება. რეგიონებში „სანთლით“ ვეძებდით კვალიფიციურ კადრებს, რომლებსაც სვანეთში ჩამოვიყვანდით, თუმცა მათი მოძებნა ძალიან გაგვიჭირდა. ადგილზეც კვალიფიციური მუშახელის სერიოზული დეფიციტია. ამიტომ კონდიტერად ოჯახის წევრი, ჩემი და - გამოცდილი კონდიტერი ჩამოვიყვანე და სხვადასხვა პოზიციებზე ოჯახის წევრები დავსაქმდით“, - ამბობს თათია ჯაფარიძე.