მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „ტელეგრაფის“ რეკონსტრუქციას პროექტის ავტორი ლინდონ ნერი გაეცნო

სილქ ჯგუფი
BM. GE
07.11.23 11:33
129

სასტუმრო „ტელეგრაფის“ რეკონსტრუქცია წარმატებით გრძელდება. პროექტს სილქ დეველოპმენტი ახორციელებს, მის დიზაინზე კი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული სტუდია Neri&Hu მუშაობს, რომლის დამფუძნებელი პარტნიორი ლინდონ ნერი თბილისს ეწვია და მიმდინარე სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო. სასტუმრო „ტელეგრაფი“ ყოფილი ცენტრალური ფოსტის შენობაში განთავსდება. არქიტექტურული პროექტის ავტორები თეიმურაზ მიქაშავიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი არიან. შენობის რეკონსტრუქცია მისი პირველადი იერსახისა და არქიტექტურული ფასადის შენარჩუნების გათვალისწინებით ხორციელდება.

გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„ტელეგრაფის დიზაინზე სამუშაოდ ავირჩიეთ არქიტექტურული კომპანია Neri&Hu ზუსტად იმიტომ, რომ გვინდა, ეს შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილას მდებარეობს და არის მოედნის რეკონსტრუქციის ჩვენეული ხედვის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, თანამედროვე მსოფლიოს არქიტექტურის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამავე დროს, პირველადი იერსახე უნდა შევუნარჩუნოთ, როგორც თავისი დროის გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშს. ეს იქნება ენერგოეფექტური სასტუმრო, აშენებული თანამედროვე არქიტექტურული სტანდარტებით და Neri&Hu-ს მიერ შექმნილი ულამაზესი ინტერიერით, რომელიც დაამშვენებს თბილისის ცენტრს. ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი ნერის ძალიან პროდუქტიული შეხვედრისთვის, მან გამოხატა კმაყოფილება პროექტის მიმდინარეობით და ჩვენი გუნდის მუშაობით“.

ინდონ ნერი, „Neri&Hu”-ს დამფუძნებელი პარტნიორი:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შენობის არსის გააზრებაა. გაცნობიერება, თუ რა მიანიჭებს მას სიცოცხლეს. „ტელეგრაფზე“ მუშაობისას ჩვენი გამოწვევაა, რომ ცვლილებებისა და განახლების ფონზე ის სულისკვეთება შენარჩუნდეს, რაც თავის დროზე ამ ნაგებობის შთაგონების წყარო იყო, არ დაიკარგოს ემოცია, რომელიც მის ისტორიას უკავშირდება. ამას გარდა, განსაკუთრებული მოთხოვნა და სტანდარტიც უნდა დავაკმაყოფილოთ: მდგრადი განვითარება და ენერგოეფექტურობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ მის დაცვას და დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არა მარტო ლამაზ და გამორჩეულ სასტუმროს, არამედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აგებულ შენობას მივიღებთ.“

„ტელეგრაფი“ რადისონ ქოლექშენის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო იქნება, რომელიც რვა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს გააერთიანებს. შენობის ბოლო სართულზე განლაგებული ნომრებიდან სტუმრებისთვის მოეწყობა გასასვლელი ტერასაზე, საიდანაც თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი, ჯაზკლუბი, ბარი და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.

სილქ დეველოპმენტის პროექტები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თანამედროვე ინოვაციური არქიტექტურით გამოირჩევა. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. თითოეული პროექტის განვითარება სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება.

სილქ დეველოპმენტის შესახებ:

სილქ როუდ ჯგუფის ყველა პროექტი სილქ დეველოპმენტის მიერაა განვითარებული. მათ შორის, თბილისსა და ბათუმში მდებარე „რადისონ ბლუს“ ბრენდის სასტუმროები, „რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმრო წინანდალში და „პარკ ჰოტელ წინანდალი“, წინანდლის მამულის ვილები, კომპლექსი „რესპუბლიკა“, „ივერია ბიჩ კლუბი“, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“, სპორტული კომპლექსი „ნეპტუნი“ და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“.

სილქ დეველოპმენტი წარმოადგენს სილქ რიალ ისთეითის (უძრავი ქონების პორტფელის მართვისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია) შვილობილ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია. სილქ რიალ ისთეითის აქტივების ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. 2005 წლიდან დღემდე სილქ როუდ ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

Neri&Hu-ს შესახებ:

ლინდონ ნერისა და როზანა ჰუს მიერ 2004 წელს დაარსებული ინტერდისციპლინული კომპანია ამოცანების ისეთ ფართო სპექტრზე მუშაობს, როგორებიცაა გენერალური გეგმის შემუშავება და არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ინსტალაციები, ავეჯი და გრაფიკული დიზაინი. სტუდიის ძირითადი ხედვა გულისხმობს გლობალურ მსოფლმხედველობაზე რეაგირებას, რომელიც დისციპლინების გადაფარვის შედეგად წარმოქმნილ ახალ არქიტექტურულ პარადიგმას მოიცავს. ხედვის რეალიზებაში Neri&Hu-ს 30-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მულტიკულტურული გუნდი ეხმარება. კომპანიის მსოფლმხედველობა ეყრდნობა გამოცდილების, დეტალების, მასალების, ფორმისა და სინათლის დინამიკური ურთიერთქმედების კვლევას, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს არა ფორმალურ არქიტექტურულ სტილზე, არამედ კულტურულ, ურბანულ და ისტორიულ კონტექსტზე აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები