მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების ფასები გაიზარდა, თუმცა სექტორი ახალ გამოწვევებს ეჯახება - ფედერაციის შეფასება

ჰორეკა სექტორი

საქართველოს სასტუმროების სექტორში მოთხოვნა იზრდება, თუმცა ფასების დინამიკა და მომსახურების ხარისხი კვლავ მთავარ გამოწვევებად რჩება. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში სასტუმროების ნაწილში ზრდა ფიქსირდება, თუმცა ბაზრის ცვლილებები ინდუსტრიისგან ახალ მიდგომებს მოითხოვს.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ფედერაციის წევრი სასტუმროების ნაწილი მიმდინარე სეზონზე დაახლოებით 20%-იან ზრდას აფიქსირებს. მელაძე აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად იცვლება სტუმრების სტრუქტურაც - საქართველოში უფრო აქტიურად შემოდიან როგორც ევროპელი, ისე აზიური ბაზრების წარმომადგენლები.

ის ხაზს უსვამს, რომ "ვიზიარის ეფექტმა" განსაკუთრებით გააძლიერა დაბალბიუჯეტიანი ევროპელი ტურისტების ნაკადი, მათ შორის პოლონეთიდან და გერმანიიდან. ამასთან, სექტორისთვის ახალი შესაძლებლობაა ჩინეთის ბაზარიც, სადაც მოთხოვნები განსხვავებულია და მომსახურებისადმი მაღალი მოლოდინებია.

ქეთი მელაძის შეფასებით, ტურისტების რაოდენობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს სასტუმროებისთვის შემოსავლების პროპორციულ ზრდას.

„თუ ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ისინი ნაკლებად გადამხდელები არიან, მხოლოდ მოცულობის ზრდა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ბალანსი - მეტი სტუმარი უნდა ნიშნავდეს მეტ ღირებულებასაც სექტორისთვის“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს მომსახურების ხარისხია. მელაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს სერვისის კულტურის გაუმჯობესების საჭიროება და ეს მხოლოდ სასტუმროებს არ ეხება.

"ხშირად ვამბობთ, რომ სტუმართმოყვარე ერი ვართ, თუმცა სტუმართმოყვარეობა მხოლოდ მიღებას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია ის ემოცია, რომელსაც სტუმარი ქვეყნიდან წაიღებს", - განაცხადა მან.

სექტორის წარმომადგენელი ასევე შეეხო სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებას და აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ "აჭარა ჯგუფის" მიერ შემოტანილმა ახალმა სტანდარტებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

„იმ პერიოდში ფაქტობრივად ახალი ეტაპი დაიწყო სტუმარმასპინძლობის სფეროში. დღეს მნიშვნელოვანია, რომ არსებული სტანდარტები კიდევ უფრო განვითარდეს და ბიზნესი მუდმივად მოერგოს ბაზრის ცვლილებებს“, - განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, ტურიზმის ინდუსტრიამ უნდა გაითვალისწინოს ახალი ბაზრების, მათ შორის აზიური მიმართულებების სპეციფიკა. მაგალითად, ჩინელი ტურისტებისთვის მომზადების მიზნით, ფედერაციამ ქართველი ახალგაზრდებისთვის ჩინურ ენოვანი გიდების გადამზადების მიმართულებით იმუშავა.

ქეთი მელაძე მიიჩნევს, რომ გიდების სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ მიღებული კანონი აუცილებელია, თუმცა მისი მთავარი პრობლემა აღსრულებაა. „კანონი კარგია, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს. საჭიროა, რომ კონტროლის მექანიზმი რეალურად ამოქმედდეს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მსგავსი რეგულაციები საერთაშორისო პრაქტიკაშიც ფართოდ გამოიყენება და მიზანი არა შეზღუდვა, არამედ მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა უნდა იყოს.

მელაძის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე სასტუმროების ნაწილი პოზიტიურ მოლოდინზე საუბრობს და ჯავშნების მიმართულებით გაუმჯობესებული მდგომარეობაა. ამასთან, მისი თქმით, იზრდება მოთხოვნა სასტუმროების შეფასებისა და კლასიფიკაციის მიმართულებითაც.

"დღეს უკვე ბევრი სასტუმრო თავად ინტერესდება შეფასებით, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, ვინ და როგორ აფასებს კონკრეტულ ობიექტს", - აღნიშნა მან.

ქეთი მელაძის განცხადებით, ქართული ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობის ზრდა, არამედ ხარისხიანი მომსახურება, კვალიფიციური კადრები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები