მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სასტუმროებში საუზმე გაძვირდა, მიზეზი პროდუქციაზე მაღალი ფასებია” - მაია წერეთელი

სასტუმრო საუზმე

პროდუქციაზე ფასების მატების გამო, საქართველოში სასტუმროებს საუზმის თვითღირებულება გაუძვირდათ, თუმცა სექტორი მომსახურების ფასების პროპორციულ ზრდას ვერ ახერხებს. McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი განმარტავს, რომ ტურისტულ სააგენტოებთან არსებული წინასწარი შეთანხმებების გამო, გაზრდილი ხარჯების საკუთარ თავზე აღება ხშირად თავად სასტუმროებს უწევთ. მისი შეფასებით, გაძვირებულია ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებაც, განსაკუთრებით ტურისტული ჯგუფების შემთხვევაში.

“სასტუმრო დარჩენასთან ასოცირდება და მისი ასევე განუყოფელი ნაწილია საუზმე. საუზმის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ფასებმა საკმაოდ მოიმატა. პროდუქტის ფასებზე ვსაუბრობ, როდესაც საუზმის ფასს ვითვლით, ცხადია, რომ საკვების და სასმლის ხარჯი უნდა გამოვითვალოთ, რომ შესაბამისად სწორი ფასწარმოება მოხდეს. ამ თვალსაზრისით ცხადია, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა საქართველოში, ჩვენც ვნახეთ ფასების მომატება.

შესაძლებელია ტურისტს არც კი გაუძვირდეს საუზმის შეთავაზება, ვინაიდან ჩვენ აგვისტოში ვაწვდით ფასების ტურისტულ სააგენტოებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ხარჯი გვეზრდება, მაგრამ ფასს იმ პროპორციულობით, რა თქმა უნდა, ვერ გავზრდით. მაგალითისთვის თუ ხარჯმა 10%-ით მოიმატა, 10%-იანი ფასნამატი ტურისტული კომპანიისთვის საკმაოდ მაღალი ტვირთია, ვინაიდან ისინიც გარკვეულ მარჟაზე მუშაობენ. შესაბამისად, მოხდა ის, რომ სასტუმროებს უბრალოდ გაუძვირდათ პროდუქტის მიწოდება და ვერ გაზარდეს ფასი.

ასევე ტრანსპორტირებაზე არის ფასები გაზრდილი, განსაკუთრებით ტურისტული სააგენტოებისთვის. ძალიან ხელმისაწვდომია პირდაპირი ფრენები, რამაც ზოგადად ფასზე იმოქმედა და საქართველოში ჩამოსვლა აღარ ასოცირდება ძალიან დიდ დანახარჯებთან, მაგრამ ქვეყნის შიგნით გადაადგილების ფასები, ძალიან მაღალია. შეიძლება ევროპაში ჩაფრინდეთ იგივე ფასად, რასაც ერთი ქალაქიდან მეორეში კომფორტული გადაადგილების დროს სატრანსპორტო კომპანიები გვთავაზობენ ინდივიდუალურ მოგზაურებს. ეს აუცილებლად გადასახედია.”-ამბობს McInerney Hospitality International, ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები