მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასურველია, წლის ბოლომდე ვიცოდეთ, როგორია მთავრობის ხედვა დიდ [ენერგეტიკულ] პროექტებზე|მარიამ ჩახვაშვილი

მარიამ ჩახვაშვილი

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროს მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მარეგულირებელი (რეზერვუარიანი) ჰიდროსადგურების მშენებლობა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ [მარეგულირებელი] ჰიდროენელექტროსადგურების მშენებლობა სისტემას სეზონური დეფიციტის დაძლევასა და განახლებადი ენერგიების ინტეგრაციაში დაეხმარება.

„მე როგორც ენერგეტიკის სექტორის გულშემატკივარს, მინდა, კარგად მესმოდეს დიდ პროექტებზე რა ნაბიჯებს ვდგამთ. ქვეყნისთვის რეზერვუარიანი სადგურები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს, პირველ რიგში, ზამთრის სეზონურობის და ასევე, დღე-ღამის სეზონურობის დაბალანსების საშუალებას მოგვცემს; მეორე მხრივ კი, დაგვეხმარება ქარისა და მზის ენერგიის ინტეგრაციაში... ნებისმიერი რეგულირებული ჰიდროსადგური [არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნამახვანი იქნება თუ ხუდონჰესი], რომელიც 4-5 საათიან რეზერვს მოგვცემს, უკვე დიდი შეღავათია სისტემისთვის. სასურველი იქნებოდა, წლის ბოლომდე ვიცოდეთ, როგორია მთავრობის ხედვა ამ მიმართულებით“, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

ამასთან, საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსს მიაჩნია, რომ მსხვილი პროექტების წარმატება მხოლოდ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო პარტნიორობით (PPP), გამჭვირვალე პროცესებითა და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით არის შესაძლებელი.

- 2022 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც „ნამახვანჰესის“ ინვესტორთან კონტრაქტი შეწყდა, ხელისუფლებისგან გვესმის, რომ დიდი ჰესები სახელმწიფომ უნდა ააშენოს, რადგან მოსახლეობას მთავრობის მიმართ მეტი ნდობა აქვს, თუმცა რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს. თქვენ როგორ ხედავთ გამოსავალს - როგორ შეიძლება დაიძრას „ხუდონისა“ და „ნენსკრას“ მსგავსი პროექტები - რა უფრო რეალისტურია: სახელმწიფომ ააშენოს და შემდეგ გაყიდოს თუ იპოვოს ინვესტორი?

- საერთაშორისო პრაქტიკა არის PPP (Public-Private Partnership) - საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა. ასეთი მასშტაბური პროექტები მთავრობის ჩართულობის გარეშე ვერ გაკეთდება - იქნება ეს მოსახლეობასთან ურთიერთობა, ბიუროკრატიის მოწესრიგება თუ მუდმივი კონტროლი. პირადად მე, მაინც მომხრე ვარ, პროექტში ინვესტორის ფული იდებოდეს, თუმცა ინვესტორი ძალიან ფრთხილად უნდა შეირჩეს. ინვესტორს თავისი ბენეფიტი აქვს. მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და პროექტების მართვის ისეთი ცოდნა, რომელიც შეიძლება სახელმწიფოში არ იყოს. მთავარია, საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდეს ძალიან გააზრებულად, ფოკუს-ჯგუფების დონეზე დამუშავების შემდეგ...

- ანუ პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს?

- დიახ. სანამ კონკრეტულ პროექტზე გადავალთ, საჭიროა დეტალური კვლევა. მთავრობამ უნდა თქვას: „მე მჭირდება ამდენი მეგავატი რეზერვი ამ კონკრეტულ წერტილში“ და გამოაცხადოს ეს ღიად. ასეთი მიდგომა უფრო სწორია, ვიდრე უბრალოდ პროექტის დასახელება. საჭიროა, ხალხს ავუხსნათ, რა პრობლემებს აგვარებს ესა თუ ის ჰესი და ინვესტორიც ძალიან გამჭვირვალედ ვიპოვოთ.

- სამწუხაროა, რომ 2026 წელია ბოლო 3-4 წელი უკვე გაშვებული შესაძლებლობაა...

- თუ ისტორიას გადავხედავთ, „ნამახვანი“ საერთოდ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული პროექტია... ის, რასაც ახლა აღვწერ, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ვერ მოესწრება, თუმცა პროცესის სწორად დაწყება აუცილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები