სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დღეს, 13:00 საათზე გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.
ექიმები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირები ავრცელებს. მათივე ცნობით, წევრმა ორგანიზაციამ პროფკავშირების გაერთიანებას იურიდიული და სხვა არსებული რესურსით დახმარების თხოვნით მიმართა.
მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქცია იქნება, ვინაიდან სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან უკვე ჰქონდათ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს.
„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ხელფასის მატებაა. ერთი კვირის წინ ადმინისტრაციას ეს მდგომარეობა განვუმარტეთ, მათ გვთხოვეს ერთკვირიანი პერიოდი, რათა საკითხი განეხილათ. სასწრაფოს თანამშრომლებს პანდემიის დროს 50%-იანი დანამატი ჰქონდათ, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ აღარ დაირიცხებოდა. ჩვენ გვესმის, რომ ეს დანამატი აღარ დაერიცხებათ, თუმცა სასწრაფოდ თანამშრომლებს გასული თვის დანამატიც არ დარიცხვიათ. გვქონდა მოთხოვნა ბოლო თვის კოვიდის დანამატი დარიცხვოდათ და მომხდარიყო ხელფასის ზრდა, რის სანაცვლოდ მივიღეთ არა ხელფასის ზრდა, არამედ პილოტური მეთოდი, რომ ერთ-ერთ ფილიალში ხელფასი ზრდა კი არ მოხდებოდა, არამედ სამუშაო საათები შემცირდებოდა“, - განმარტა ირაკლი ამირანაშვილმა.
მისი ინფორმაციით, დღეისთვის სასწრაფო დახმარების მუშაკის სამუშაო საათებიდან გამომდინარე მაქსიმალური ხელფასი 1 300 ლარია, თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურში კი, დაახლოებით, 1500 ადამიანია დასაქმებული. აქედან აქციაზე, დაახლოებით, 300 ადამიანი იქნება.
„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ სასწრაფოს თანამშრომლებს გაფიცვის უფლება არ აქვთ და ისინი მუშაობის გაჩერებას არც გეგმავენ, რადგან ეს გადაუდებელი დახმარების სამსახურია. აქციას შეუერთდებიან სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც დღეს არ მორიგეობენ“, - აღნიშნა ირაკლი ამირანაშვილმა.