მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სათამაშო ბიზნესი: მოსაკრებლის 5%-დან 10%-მდე ზრდა ამ ბიზნესის გაქრობას გამოიწვევს

584e77656d7a9
ელენე გოგბერაშვილი
12.12.16 14:08
2579
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები იზრდება. სამორინეს შემთხვევაში კვარტალური განაკვეთი დღეის მდგომარეობით 15 ათასიდან 30 ათასამდე განისაზღვრება, რაც კანონპროექტით 20 ათასიდან 40 ათას ლარამდე იზრდება. რაც შეეხება ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს, მოსაკრებელი დღეის მდგომარეობით 30 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდეა, კანონპროექტით კი 100 ათასი ლარიდან 120 ათას ლარამდე განისაზღვრა. ონლაინ ტოტალიზატორების შემთხვევაში მოსაკრებელი 5%-დან 10%-მდე იზრდება. როგორც სათამაშო ბიზინეს ასოციაციის ხელმძღვანელმა და "კრისტალ ბეთის" დამფუძნებელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, გაზრდილი გადასახადების რეჟიმში სათამაშო ბიზნესი ვერ იმუშავებს და გაჩერდება. ახვლედიანის თქმით, კანონპროექტს უკუეფექტიც ექნება და ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები ვერ შევა, რადგან მოთამაშეები საერთაშორისო ონლაინ პლათფორმეზე გადავლენ. ბიზნესი მთავრობას ალტერნატიულ მიდგომას სთავაზობს.

"ჩვენი წინადადებაა კომპრომისზე წავიდეთ და მთავრობას ვთავაზობთ დავაწესოთ ლიცენზირება. მაგალითად, სპორტის ლიცენზია დავაწესოთ წლიურად მილიონი ლარი. სხვა შემთხვევაში ჩვენი ბიზნესი ტექნიკურად ნელა-ნელა დაიკეტება", - აცხადებს ახვლედიანი.

"ფსონის 5% ნიშავს, რომ ადამიანი თუ დებს ფსონს 10 ლარს, აქედან 5% სახელმწიფომ უნდა მიიღოს. თუ ამ ადამიანმა ამ ფსონით მოიგო 100 ლარი და ის 100 ლარი ისევ დადო, იმის 5% ისევ სახელმწიფოს მიაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული ბრუნვა იბეგრება. ეს არის უზარმაზარი თანხები. შესაბამისად 5%-დან 10%-მდე გაზრდა ამ ბიზნესის კვდომას გამოიწვევს’’-განმარტავს ლევან ახვლედიანი.

მისი თქმით, ონლაინ ტოტალიზატორებმა გასულ წელს დაახლოებით 32 მილიონი ლარი გადაიხადეს ბიუჯეტში, რაც არის მხოლოდ ბეთინგის მოსაკრებელი. ახვლედიანის ინფორმაციით, წელს ეს გადასახადები სავარაუდოდ 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

შეგახსნებეთ, სათამაშო ბიზნესისთვის მოსაკრებლის გაზრდით მთავრობა ბიუჯეტში 50 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები