სათამაშო ბიზნესის ასოციაცია საკანონმდებლო ორგანოსაგან "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონონში ცვლილების შეტანას და მის დაზუსტებას ითხოვს. საუბარია კანონის იმ მუხლზე, რომელშიც გამონაკლისების ჩამონათვალში, სადაც მოწევა დასაშვებია, მითითებულია მხოლოდ სამორინე. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ კანონმდებელმა "ტექნიკური შეცდომა" დაუშვა, რის გამოც ბაზარზე კონკურენციული გარემო იზღუდება და ზოგიერთი ოპერატორი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგება. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ სიტყვა "სამორინის“ ნაცვლად უნდა ეწეროს "აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილი".
"ასეთი ადგილად მოიაზრება სივრცე, სადაც ფუნქციონირებს , აზარტული კლუბები, სამორინეები, ტოტალიზატორები და სათამაშო აპარატების სალონები. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტების ოპერირება მიმდინარეობს ცალ-ცალკე სივრცეებში, შიგადაშიგ შერეულად, ხოლო იშვიათ გამონაკლისების შემთხვევაში ერთად. ვისაც ყველა ეს პროდუქტი თავმოყრილი აქვს ერთ სივრცეში აღმოჩნდება თითქმის მონოპოლიურ მდგომარეობაში, ხოლო სხვა დანარჩენი აგენტები აღმოჩნდებიან გაკოტრების რეალური საშიშროების წინაშე“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასოციაციამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიტანა. ისინი პარლამენტს კანონში ცვლილებების შეტანას სთხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მაისიდა, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესული ცვლილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა იკრძალება.

























