სამთო გამყოლთა ასოციაციამ, USAID-ის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” პროგრამასთან ერთად, მესტიაში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მშენებლობა უკვე დაიწყო - სკოლის შესახებ BMGDrive-ის ეთერში USAID-ის პროგრამის რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ხელმძღვანელი, ნელი რევაზიშვილი საუბრობს. პროგრამა USAID-ის თანადაფინანსებით საქართველოს ყველა რეგიონში პროფესიული მომზადება/გადამზადების 250-ზე მეტ კურსს აორგანიზებს.
“რეგიონულ ჭრილში განსხვავებულია მოთხოვნა პროფესიებზე, ლოკაციიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანეთში ახალგაზრდების განვითარებისთვის და დასაქმებისთვის პერსპექტივა საკმაოდ მწირია. ამიტომ, ჩვენ ვითანამშრომლეთ სათავგადასავლო ინდუსტრიის ძალიან ბევრ წარმომადგენელ ორგანიზაციასთან, ამ პროცესს კი სათავეში სამთო გამყოლთა ასოციაცია ჩაუდგა.
დღეს მესტიაში უკვე დაწყებულია სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით - სამთო გამყოლი, ალპინიზმი, კაიაკინგი, რაფტინგი და ა.შ. (საკმაოდ დიდი კატალოგია პროგრამების) - გვაძლევს შესაძლებლობას, მთლიანად დავფაროთ საქართველო. უკვე არსებობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გუდაურში, ახლა იქნება მესტიაშიც, და მთლიანად დაიფარება საქართველო იმ მნიშვნელოვანი პროფესიული საგანმანათლებლო შესაძლებლობებით, რომლებიც სათავგადასავლო ინდუსტრიას უკავშირდება”, - განმარტავს ნელი რევაზიშვილი.
მისი თქმით, მესტიის სკოლაში 12 საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები დაინერგება, რაც უზრუნველყოფს მომზადებული კადრების, გიდების თუ გამყოლების კვალიფიკაციის ამაღლებას და უსაფრთხოებას.
“გარკვეულწილად საფრთხის შემცველი პროფესიებიც არის, შესაბამისად, არასერტიფიცირებული, გადაუმზადებელი გიდების და გამყოლების შემთხვევაში, საკმაოდ დიდ საფრთხეებთან გვაქვს შეხება. ვთანამშრომლობთ 12 საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუციასა და ორგანიზაციასთან და მათ სტანდარტებს ვნერგავთ, რაც მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრია განვითარდეს.
ვფიქრობ, ეს არა მარტო სვანეთს, არამედ მთლიანად საქართველოს მასშტაბით რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, გაიღრმაონ უნარები და, მეორე მხრივ, დასაქმდნენ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიით. დღესდღეობით ეს არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშა და თუ გვინდა, სერტიფიცირებული, კვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტებით მომზადებული გიდის მომსახურებით ვისარგებლოთ, დღეს ეს, საშუალოდ, საათში 100 ევროსთანაა დაკავშირებული”, - განმარტავს ნელი რევაზიშვილი.
სვანეთში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ჯამური ბიუჯეტი კი $500 000-ია.