ცალკეულ ბიზნეს ოპერატორებს სათბურის აირების გაფრქვევის ავტორიზაციის სავალდებულოობა 2028 წლამდე გადაუვადდათ. ამ დათქმით დაუჭირა პირველი მოსმენით მხარი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "გარემოს დაცვის შესახებ" კანონში ინიციირებულ ცვლილებებს, რომელიც "ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
საუბარია ევროკავშირის და ენერგოგაერთიანების დირექტივაზე, რომელიც ძალაში 2023 წელს უნდა შესულიყო, შემდეგ 2026 წლის 1-ელი იანვარი იყო ვადად მითითებული. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობისთვის აუცილებელი იქნება სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაცია.
ნინო თანდილაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დარღვევის ხასიათი არ არის მძიმე, ჯარიმების მოცულობაც მცირეა 1000 ლარიდან 2000 ლარამდე.
" რაც შეეხება საქმიანობებს, ზუსტი ჩამონათვალი მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს. ამას კი დირექტივა განსაზღვრას ზუსტად საქმიანობებსაც და ზღვრებსაც. გამოვითხოვეთ შემოსავლების სამსახურიდანაც ინფორმაცია და ყველა ამ საწარმოსთან გვქონდა კომუნიკაცია და მივაწოდეთ ინფორმაცია", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ამ დათქმით, 2028 წლის შემდეგ ავტორიზაციის გაცემა სავალდებულო იქნება შემდეგი საქმიანობებისთვის და სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზებისთვის:
- საწვავის წვა დანადგარებში („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში გამოყენებული დანადგარების გარდა), რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია;
- მინერალური ზეთის დამუშავება;
- კოქსის წარმოება;
- ლითონური მადნის გამოწვა ან აგლომერირება, მათ შორის პელეტიზაცია;
- თუჯის ან ფოლადის წარმოება;
- შავი ლითონების (მათ შორის ფეროშენადნობების) წარმოება ან დამუშავება;
- პირველადი ალუმინის წარმოება;
- მეორადი ალუმინის წარმოება, რომლის ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია;
- ფერადი ლითონების წარმოება ან გადამუშავება, მათ შორის შენადნობის
წარმოება, გადამუშავება, სამსხმელო საამქრო და ა.შ; - ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას, ან სხვა ღუმელში, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება;
- ინის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე-ღამეში 20 ტონას აღემატება;
- კერამიკული (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის, კერამიკული ნაკეთობის ან ფაიფურის) პროდუქციის წარმოება გამოწვით, სადაც საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 75 ტონას აღემატება;
- მინერალური ბამბის საიზოლაციო მასალის წარმოება მინის, ქვის (ქანების) ან წიდას გამოყენებით, სადაც გამოდნობის სიმძლავრე დღე- ღამეში 20 ტონას აღემატება;
- თაბაშირის გამოშრობა ან კალციაცია, ან თაბაშირმუყაოს ფილებისა და თაბაშირის სხვა პროდუქციის წარმოება, სადაც წვის ერთეულების ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრე 20 მეგავატზე მეტია;
- მერქნიდან ან სხვა ბოჭკოვანი მასალებიდან ცელულოზას წარმოება;
- ქაღალდის ან მუყაოს წარმოება, დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი წარმადობით;
- ნახშირბადის შავის წარმოება;
- აზოტმჟავის წარმოება;
- ადიპინის მჟავის წარმოება;
- გლიოქსალის და გლიკოსილის მჟავის წარმოება;
- ამიაკის წარმოება;
- ორგანული ქიმიური ნივთიერებების წარმოება;
- წყალბადის, სინთეზის გაზის წარმოება კატალიზური კრეკინგის ან ნაწილობრივი დაჟანგვის მეშვეობით, რომლის წარმოების სიმძლავრე დღე-ღამეში 25 ტონაზე მეტია;
- ნატრიუმის კარბონატის (Na2CO3) და ნატრიუმის ბიკარბონატის (NaHCO3) წარმოება;
- ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ნაკადების დაჭერა ამ კანონით გათვალისწინებული ობიექტებიდან, გეოლოგიური დასაწყობების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობისა, რომელიც შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება;
- სათბურის გაზების გადაზიდვა/ტრანსპორტირება გეოლოგიური დასაწყობებისთვის განკუთვნილი მილების მეშვეობით დასაწყობების ტერიტორიაზე ნახშირბადი დიოქდის (CO2) გეოლოგიური დასაწყობება;
- საავიაციო საქმიანობები
ყველა ფრენა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომიდან აფრინდება ან დაფრინდება;
მოთხოვნები არ გავრცელდება:
ა) ფრენებზე, რომლებიც სრულდება ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სხვა სახელმწიფოს მმართველი მონარქისა და მისი ოჯახის წევრების, სახელმწიფოს მეთაურების, მთავრობის მეთაურებისა და მინისტრების ტრანსპორტირებისთვის, სადაც ეს დასაბუთებულია შესაბამისი სტატუსის მაჩვენებლით ფრენის გეგმაში;
ბ) სამხედრო ფრენები, რომლებიც შესრულებულია სამხედრო თვითმფრინავით და საბაჟო და საპოლიციო კონტროლის ამოცანებისთვის ფრენები;
გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტორიზებული ფრენები, რომელიც დაკავშირებულია საძებნ-სამაშველო საქმიანობასთან, ხანძარსაწინააღმდეგო, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების
აღმოსაჩენად ფრენები;
დ) ნებისმიერი ფრენა, რომელიც შესრულებულია მხოლოდ ვიზუალური ფრენის წესებით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-2 დანართის მოთხოვნების შესაბამისად;
ე) ფრენები, რომლებიც სრულდება აეროდრომზე, საიდანაც თვითმფრინავი აფრინდა და რომლის დროსაც არ განხორციელებულა შუალედური დაშვება;
ვ) სასწავლო ფრენები, რომლებიც შესრულებულია მხოლოდ ლიცენზიის ან სერტიფიცირების მისაღებად ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის შემთხვევაში, როდესაც ეს დასაბუთებულია ფრენის გეგმაში შესაბამისი შენიშვნით, რომ ფრენა არ ემსახურება მგზავრების გადაყვანას და/ან ტვირთის გადაზიდვას ან თვითმფრინავის დაყენებას ან გადაყვანას;
ზ) ფრენები, რომლებიც შესრულებულია მხოლოდ სამეცნიერო კვლევითი მიზნით ან საჰაერო ხომალდის ან საჰაერო თუ სახმელეთო მოწყობილობის შემოწმების, გამოცდის ან სერტიფიცირების მიზნით;
თ) ფრენები, რომლებსაც ასრულებენ საჰაერო ხომალდები, რომელთა დამოწმებული მაქსიმალური საფრენი მასა 5 700 კგ-ზე ნაკლებია; ფრენები, რომლებზეც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, შესრულებული კომერციული საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორის მიერ, რომლის ფრენებსაც 10 000 ტონაზე ნაკლები წლიური გაფრქვევა აქვს.




























