ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი ლია ჩახუნაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ცვლილებებს მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონულ მედიაზე უარყოფითი გავლენა ექნება. პარლამენტი უკვე განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება იკრძალება.
"ვნახეთ, რომ კანონი კრძალავს როგორც პირდაპირ ისე არაპირდაპირ რაიმე სახის მატერიალური სარგებლის მიღებას [უცხოეთიდან]. ეს ნიშნავს, რომ იკრძალება არა მხოლოდ გრანტების მიღება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, არამედ მონაწილეობა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო პროგრამებში. ვიცით, რომ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მედიის განვითარების პროგრამებს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში და ამის გარეშე როგორ შეძლებს ჩვენი მედია არსებობას და პროგრესს ძნელი წარმოსადგენია.
ვიცით, რომ საქართველოში ძალიან მწირი სარეკლამო ბაზარია, ამას წლობით დაგროვილი მიზეზები განაპირობებს. არანაირი ხელშეწყობა სარეკლამო ბაზრის განვითარებას არ ჰქონია. მხოლოდ ხელშეშლა იყო. ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ. სარეკლამო ბაზარი ვერ უზრუნველყოფს საჭირო ფინანსებს საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებებისთვის და ერთადერთი გზა პოლიტიკისგან დამოუკიდებელი რესურსების მოსაზიდად სწორედ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება რეგიონული მედიებისთვის, სადაც სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო მწირია", - ამბობს ლია ჩახუნაშვილი.
კანონპროექტით ასევე იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
გარდა ამისა, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამის მიღება.




























