ენერგეტიკის სექტორის განვითარებასთან ერთად ადამიანური კაპიტალი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჰყავს თუ არა საკმარისი კვალიფიციური პროფესიონალი ინდუსტრიას ახალი ენერგეტიკული პროექტების განსავითარებლად და მათ ეფექტიანად სამართავად?
ამასთან, ენერგეტიკა კვლავ რჩება სფეროდ, სადაც ქალები, განსაკუთრებით ტექნიკურ და საინჟინრო პოზიციებზე, ნაკლებად არიან წარმოდგენილი.
როგორ შეიცვალა ინდუსტრია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რატომ არის მნიშვნელოვანი მეტი ახალგაზრდა პროფესიონალისა და ქალის მოზიდვა სექტორის მომავლისთვის და რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს იმ უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაში, რომლებიც მის ენერგეტიკულ სექტორს მომავალში დასჭირდება - BMG ამ საკითხებზე „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს, სატიშ ბჰატს ესაუბრა, რომელსაც ენერგეტიკის სექტორში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს.
ბატონო სატიშ, ენერგეტიკის სექტორში 35 წელია მუშაობთ, როგორ შეიცვალა ინდუსტრია ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით ადამიანური კაპიტალისა და ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით?
როდესაც დღევანდელ ენერგეტიკულ სექტორს წარსულს ვადარებ, ცვლილებები მართლაც შთამბეჭდავია. ინდუსტრია, რომელიც ადრე ძირითადად აქტივებზე იყო ორიენტირებული და რომელშიც დიდი თბოელექტროსადგურები და ჰიდროენერგეტიკული ობიექტები დომინირებდა, დღეს გაცილებით მეტად ტექნოლოგიებსა და ადამიანებზეა ორიენტირებული. სექტორს - განახლებადი ენერგია, ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები, დიგიტალიზაცია, ჭკვიანი ქსელები და ენერგოეფექტიანობა ცვლის.
ადრე სამუშაო ძალა ძირითადად ინჟინრებით იყო დაკომპლექტებული, სტრუქტურა უფრო იერარქიული იყო და სფეროში მამაკაცები დომინირებდნენ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი ცვლილება თავად დისკუსიის ცვლილებაა.
დღეს კითხვა — „შეუძლია ქალს იმუშაოს ელექტროსადგურში ან მართოს პროექტის სამშენებლო მოედანი?“ — სულ უფრო მოძველებულად ჟღერს.
წარსულში წარმატებული კარიერა ხშირად ეფუძნებოდა ღრმა საინჟინრო ცოდნას, ერთ ორგანიზაციაში მრავალწლიან გამოცდილებას, დიდი ფიზიკური აქტივებისა და გუნდების მართვის უნარს. დღეს საჭირო უნარების სპექტრი გაცილებით ფართოა და მოიცავს არა მხოლოდ ელექტრო, მექანიკურ და სამოქალაქო ინჟინერიას, არამედ მონაცემთა ანალიზს, ციფრულ ტექნოლოგიებს, პროექტების ფინანსურ მართვას, კომერციულ სტრატეგიას, მარეგულირებელ საკითხებს, ESG-ს, მიწოდების ჯაჭვების კოორდინაციას, ანალიტიკასა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობას.
დღეს სექტორი გაცილებით მრავალფეროვანია. მზის ენერგიამ, ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებმა, დეცენტრალიზებულმა გენერაციამ, ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ჭკვიანმა ქსელებმა, ენერგოეფექტიანობამ და ზოგადად ენერგეტიკულმა ტრანზიციამ სრულიად ახალი პროფესიული როლები შექმნა.
მე მიმაჩნია, რომ ქალები ენერგეტიკული ტრანზაციის დაგეგმვისა და ლიდერობის პროცესის აქტიური მონაწილეები უნდა იყვნენ.
რატომ გახდა ადამიანური კაპიტალი დღეს ენერგეტიკის სექტორისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი?
ენერგეტიკა დღეს ბევრად მეტია, ვიდრე ელექტროსადგურების აშენება და ელექტროენერგიის წარმოება.
განახლებადი ენერგიის განვითარება, ციფრული ტექნოლოგიები, ავტომატიზაცია, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სულ უფრო მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები ცვლის როგორც თავად სექტორს, ისე იმ კომპეტენციებს, რომლებიც თანამედროვე ენერგეტიკულ კომპანიებს სჭირდებათ.
IRENA-სა და ILO-ს მონაცემებით, მსოფლიოში განახლებადი ენერგეტიკის სექტორში უკვე 16 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ენერგეტიკული ტრანზიციის გაგრძელებასთან ერთად კვალიფიციურ პროფესიონალებზე მოთხოვნაც გაიზრდება.
სწორედ ამიტომ, ახალი თაობის ენერგეტიკის პროფესიონალების განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა.
ქვეყანამ შეიძლება მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიზიდოს და თანამედროვე ენერგეტიკული აქტივები შექმნას, თუმცა მათი უსაფრთხოდ, ეფექტიანად და გრძელვადიან პერიოდში მდგრადად მართვისთვის აუცილებელია ადგილობრივი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია.
ამ კონტექსტში, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობა ენერგეტიკის სექტორში?
უპირველეს ყოვლისა, ეს თანაბარი შესაძლებლობების საკითხია. ქალებსა და კაცებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, მიიღონ შესაბამისი განათლება, დაიმკვიდრონ ადგილი სექტორში და საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების შესაბამისად განვითარდნენ პროფესიულად.
მე შევხვედრივარ ქალებს, რომლებიც მუშაობენ ინჟინერიაში, პროექტების მართვაში, კომერციულ მიმართულებებში, ბიზნესის განვითარებაში, ფინანსებში, ოპერაციებსა და ხელმძღვანელ პოზიციებზე და ამტკიცებენ, რომ პროფესიული კომპეტენცია სქესთან ძალიან ცოტა კავშირშია. თუმცა ტენდენცია გვიჩვენებს, რომ პროგრესის ტემპი ჯერ კიდევ დაბალია.
ქალთა დაბალი წარმომადგენლობა ტექნიკურ პოზიციებზე ერთი მიზეზით ვერ აიხსნება. მასზე გავლენას ახდენს განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე წვდომა, პროფესიული არჩევანი, სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების შესაძლებლობები, პროფესიული მაგალითების არსებობა და ის ბარიერები, რომლებიც სექტორში ისტორიულად არსებობდა.
სწორედ ამიტომ, კომპანიების როლი მხოლოდ დასაქმებით არ უნდა შემოიფარგლოს. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც ქალებსა და კაცებს ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები, ინტეგრირდნენ პროფესიაში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, განავითარონ ცოდნა და დაწინაურდნენ ლიდერულ პოზიციებზე.
საბოლოოდ, ეს მიზნები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. გენდერული თანასწორობა ერთდროულად არის ადამიანის უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი და უფრო ძლიერი, მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული სექტორის შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველი.
როგორია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გამოცდილება ამ მიმართულებით?
„აჭარისწყალ ჯორჯიაში“ მენეჯერული და ხელმძღვანელი პოზიციების დაახლოებით 60%-ს ქალები იკავებენ და ამ მაჩვენებლით ნამდვილად ვამაყობთ.
თუმცა ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილი ტექნიკურ და საინჟინრო პოზიციებზე და სწორედ აქ ვხედავთ განვითარების მკაფიო შესაძლებლობას.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება რეალური პროფესიული შესაძლებლობების შექმნას. ბოლო წლებში საინჟინრო მიმართულების ახალგაზრდა ქალებმა ჩვენს კომპანიაში პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩვენს გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ემუშავათ და უშუალოდ გაცნობოდნენ რთული ენერგეტიკული ობიექტის ოპერირების პროცესს.
სტაჟირება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თუმცა მთავარი მიზანი ისეთი პროფესიული გზის შექმნაა, რომელიც ახალგაზრდა პროფესიონალებს საშუალებას მისცემს, მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე ააგონ საკუთარი კარიერა, შევიდნენ ინდუსტრიაში და თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად გრძელვადიანად განვითარდნენ.
როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების წევრ კომპანიას, გენდერული თანასწორობის მიმართულებით კონკრეტული მიზნები და მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენი მიზანია თანმიმდევრულად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ქალებისთვის, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციაში პროფესიული განვითარება და წინსვლა, მათ შორის ტექნიკურ მიმართულებებში.
თქვენ ხშირად საუბრობთ უნივერსიტეტებისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. როგორი შეიძლება იყოს ასეთი პარტნიორობა პრაქტიკაში?
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში, სადაც მაღალკვალიფიციური ტექნიკური პოზიციები გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ აუდიტორიაში მიღებული ცოდნა. სტუდენტებს სჭირდებათ რეალურ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან შეხება, პრაქტიკული გამოცდილება და შესაძლებლობა, უშუალოდ გამოცდილი ინჟინრებისა და დარგის პროფესიონალებისგან ისწავლონ.
ასეთი თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითი გვაქვს. შუახევი ჰესი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის — GIPA-ს სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების ობიექტია. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე ნახონ, როგორ მუშაობს ჰიდროელექტროსადგური, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და აუდიტორიაში მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოს დაუკავშირონ.
ჩვენთვის ეს პარტნიორობა მხოლოდ ტრადიციული საგანმანათლებლო ინიციატივა არ არის. ის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაიცნონ ენერგეტიკის სექტორი პრაქტიკაში, დაინახონ ის პროფესიული შესაძლებლობები, რომელსაც ინდუსტრია სთავაზობს, და უკეთ გააცნობიერონ კარიერული გზები, რომელთა არჩევაც მათ შეუძლიათ.
ვფიქრობ, ასეთი პარტნიორობები საქართველოში უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს. უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის გაცილებით ძლიერი კავშირი გვჭირდება, რათა ახალგაზრდებმა განათლებიდან პროფესიულ კარიერაზე გადასვლა უფრო მარტივად შეძლონ და ამ გზაზე როგორც აკადემიური ცოდნით, ისე პრაქტიკული გამოცდილებით იყვნენ აღჭურვილი.
ამ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა ასევე მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც საინჟინრო და ტექნიკურ მიმართულებებს ირჩევენ.
როგორ შეაფასებდით საქართველოს მდგომარეობას დღეს, აქვს თუ არა ქვეყანას საკმარისი ადამიანური კაპიტალი ენერგეტიკის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის?
საქართველოს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს და სექტორის გაფართოებასა და მოდერნიზაციასთან ერთად ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების შემდეგი ეტაპი მოითხოვს არა მხოლოდ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში, არამედ კვალიფიციური პროფესიონალების ძლიერ ბაზასაც — ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ სულ უფრო რთული ენერგეტიკული სისტემების დაგეგმვის, მშენებლობის, ოპერირებისა და მართვის შესაძლებლობა.
საქართველოში ბევრ განათლებულ, მოტივირებულ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდას ვხედავ. მთავარი გამოწვევაა, შევქმნათ მათთვის შესაძლებლობები, რომ აკადემიური ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარი მომავალი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დაინახონ.
ამისთვის უნივერსიტეტებს, კომპანიებსა და მთლიანად ინდუსტრიას შორის გაცილებით მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო. სტუდენტებს სწავლის პერიოდშივე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ეწვიონ რეალურ ენერგეტიკულ ობიექტებს, იმუშაონ გამოცდილ პროფესიონალებთან და პრაქტიკაში გაეცნონ როგორც ტექნოლოგიებს, ისე სექტორში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს.
ადამიანური კაპიტალის განვითარებას დრო, თანმიმდევრულობა და გრძელვადიანი ერთგულება სჭირდება. თუმცა, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიზნესი და ენერგეტიკის სექტორი ერთიან მიზანზე შეთანხმებულად იმუშავებენ, დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს იმ პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენციების შექმნას, რომლებიც ენერგეტიკის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის არის საჭირო.
ენერგეტიკის მომავალი მხოლოდ ახალი მეგავატებით არ გაიზომება, მას ასევე განსაზღვრავენ ადამიანები, რომლებიც ამ მეგავატების უკან არსებულ ინფრასტრუქტურას დაგეგმავენ, ააშენებენ, მართავენ და მომავალში განავითარებენ. საქართველოსთვის დღეს ამ ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაფინანსება.


























