დედაქალაქის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ მოაწერა.
„სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადაში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს.
პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი. ეს არის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ შეიმუშავებს. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. შედეგად კი, დედაქალაქის მოსახლეობამ კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მიიღოს, რომელიც მგზავრთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ქალაქის დატვირთვას სრულად დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ქალაქის მთავრობას არაერთხელ დაუჭირეს მხარი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, რადგან ქალაქის განტვირთვა და არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გარკვეულწილად დაძლევა მასზეა დამოკიდებული. მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. წელს კი, 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას ვგეგმავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღსანიშნავია ასევე, რომ EBRD-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდება, რომელშიც უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის ელემენტების მხედველობაში მიღება მოხდება.
„ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ მიერ ჩატარდება კვლევა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის ყველა საჭიროების იდენტიფიცირება მოხდეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სისტრა“, როგორც კვლევას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების გამოკითხვას ჩაატარებს, თუ სად იწყება მათი მგზავრობა, სად მთავრდება, რომელი საავტობუსო თუ მიკროავტობუსების მარშრუტები სად გადის, რამდენად ეფექტური და რენტაბელურია თითოეული მათგანი და ამის შემდგომ წარადგენს თავის რეკომენდაციებს სატრანსპორტო მარშრუტების შეცვლის, განახლების ან ახალი მიმართულებების დადგენის მიზნით“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.