საქართველოში ღვინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიის „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი bm.ge-სთან რთველი 2023 წლის შედეგებს აჯამებს. როგორც მარი გიორგაძე ამბობს, წელს კომპანიამ საწარმო სიმძლავრეები გაზარდა.
მისივე თქმით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რთული წლის მიუხედავად, ყურძნის ხარისხი წელს გამორჩეულად მაღალი იყო.
„რთველი 2023-მა წარმატებით ჩაიარა. „ბადაგონისთვის“ წლევანდელი რთველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან საწარმო სიმძლავრეები 25%-ით გავზარდეთ და ამ დროისთვის ჩვენ მიერ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა - 8000 ტონას შეადგენს.
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ძალიან რთული წელი იყო, თუმცა ხარისხით კმაყოფილები ვართ, რაც საბოლოო პროდუქტის - ღვინის ხარისხზეც აისახება“ - აღნიშნავს „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი.
კომპანია „ბადაგონი“ კახეთის მიკროზონებში ჯამში 400 ჰექტარამდე ვენახებს აერთიანებს, თუმცა ადგილობრივ მევენახეებთანაც თანამშრომლობს და მათგან ყურძენს იბარებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის წლიური წარმადობა 12 მილიონი ბოთლი ღვინოა.
ცნობისთვის: ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო. ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 247 მლნ ლარს აღწევს.