მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხენოსნო ტურიზმის ციფრული პლატფორმა Horsetours - ვინ სარგებლობს სერვისით?

საცხენოსნო ტურები

საცხენოსნო ტურიზმი თანამედროვე მსოფლიოში სათავგადასავლო ტურიზმის გამორჩეული მიმართულებაა. ამასთან, საქართველოში ქვეყნის რელიეფი და ლანდშაფტური მრავალფეროვნება ადრეული დროიდანვე იძლეოდა საშუალებას, ცხენი გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, როგორც საცხენოსნო ტურების ონლაინპლატფორმა Horsetours.ge-ს დამფუძნებელი ანა ნადირაძე BMG-სთან აღნიშნავს, საქართველოში ტურიზმის ამ მიმდინარეობით უცხოელების დაინტერესება გაცილებით მაღალია, ვიდრე ადგილობრივების.

Horsetours.ge ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს აერთიანებს და ერთი მხრივ, რანჩოებს საკუთარი სერვისების გაქირავების, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს სასურველი ტურის დაჯავშნის საშუალებას აძლევს.

“ქართველების მხრიდან ნაკლები დაინტერესებაა, მომხმარებლების 90% ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან გვყავს, ქართველები კი 1%-იც არ არიან, თუმცა ინტერესი მზარდია. ადრე საცხენოსნო ტურიზმი ძალიან განვითარებული იყო, თუმცა რაღაც ეტაპზე ეს მიმართულება და კულტურა დავკარგეთ, ცნობიერებაც დაეცა. რასაც უცხოელებზე ვერ ვიტყვით. უცხოეთში ამ მიმართულებას პატივს სცემენ და სათავგადასავლო ტურიზმში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებით, მისი ლანდშაფტი და ბუნებრივი ბილიკები საშუალებას გაძლევს, რომ მთელი ქვეყანა ცხენით მოიარო. სტარტაპის იდეაც მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩემი პარტნიორი, ლაშა გაგოიძე, 1000-კილომეტრიან ტრანსკავკასიურ ბილიკს გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიონის გასწვრივ, კახეთიდან სვანეთამდე, რასაც 1 თვე მოანდომა. სწორედ გზაში გამაცნო Horsetours-ის იდეაც”, - ამბობს ანა ნადირაძე. 

აღსანიშნავია, რომ საცხენოსნო ტურიზმით დაინტერესება მზარდია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ პირველ წელს Horsetours-ის მომხმარებლების რაოდენობა - 534 - გაცილებით ჩამორჩება 2023 წლის რვა თვეში მოზიდულ 2868 მომხმარებელს. 

კომპანია ნებისმიერი გამოცდილებისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს სასურველი ტიპის საცხენოსნო ტურს სთავაზობს. როგორც მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, განსაკუთრებული პოპულარობით რამდენიმედღიანი შერეული ტიპის ტურები სარგებლობს.

“გვაქვს როგორც საათობრივი, ისე ერთ და რამდენიმედღიანი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ტურები. რამდენიმედღიანი ტურის შემთხვევებში, განთავსების ობიექტებში დარჩენასაც მოიცავს, თუმცა შესაძლებელია კარვების ტურის ორგანიზებაც, რაც უფრო ბიუჯეტურია და, ასევე საოჯახო სასტუმროებში განთავსება, რაც შედარებით ძვირია. მრავალდღიანი ტურის შემთხვევაში Horsetours უზრუნველყოფს სრულ პაკეტს, რაშიც შედის საცხენოსნო გიდით, ცხენებით, ტრანსპორტირებით, კვებით, განთავსებით, უსაფრთხოების ჟილეტებით, გამაშებით, ჩაფხუტებით, კარვებით, საძილე ტომრითა და პარალონით უზრუნველყოფა. ძირითად შემთხვევებში შერეულ ტურებს ირჩევენ ხოლმე, როცა რამდენიმე დღეს სასტუმროში, რამდენიმეს კარავში ატარებენ”, - აღნიშნავს ანა ნადირაძე და დასძენს, რომ მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტი 25-დან 45-წლამდე ადამიანები არიან.

საცხენოსნო ტურებით სარგებლობა ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი, თუმცა ნადირაძე აღნიშნავს, რომ ზაფხულის განმავლობაში დაინტერესება თუშეთზე, ხევსურეთსა და პანკისზეა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი ვაშლიჯვრის, ბორჯომისა და თბილისის რეგიონები აქტიურდება.

სტარტაპისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ნადირაძის თქმით, მაღალმთიან სოფლებში არსებულ რანჩოებთან კავშირი და მათი სერვისების გაციფრულება იყო.

“რანჩოებს, როგორც წესი, არ აქვთ იმის რესურსი, რომ საკუთარი სერვისები გააციფრულონ, ან არ არიან ამით დიდად დაინტერესებულები. შესაბამისად, თავიდან ძალიან გვიჭირდა მათთან დაკავშირება, შუამავალი კონტაქტები გვჭირდებოდა. ეს მთიან რეგიონებში განსაკუთრებით პრობლემური იყო, თბილისში - შედარებით ნაკლებად. თუმცა რანჩოები უკვე თავადაც გვიკავშირდებიან და ამ ეტაპზე 21 საცხენოსნო გამყოლთან  ვთანამშრომლობთ”, - ამბობს ანა ნადირაძე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, Horsetours.ge-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, საქართველოს საცხენოსნო პოტენციალის სრულად ათვისების შემდეგ, კომპანია ყაზახეთისა და თურქეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს.

Horsetours.ge 2021 წელს დამფუძნებლების ნულოვანი ინვესტიციით შეიქმნა. მოგვიანებით, GITA-ს 30 000-ლარიანი გრანტით კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალი გააციფრულა, შექმნა ციფრული ვიდეო მარშრუტები და სარეკლამო რგოლები. მოგვიანებით სტარტაპის თანადამფუძნებელი She’s Next, Empowered by Visa-ს 25 000-ლარიანი გრანტის გამარჯვებული გახდა, რამაც კომპანიას განვითარებისა და დასავლეთ საქართველოს ათვისების რესურსები მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები