მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავის ბაზარი აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ კონკურენტულად შეფასდეს - გიორგი ქედელიძე

გიორგი ქედელიძე

საწვავის ბაზარზე კონკურენცია არის და აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ შეფასდეს როგორც კონკურენტული. ამის შესახებ BMG-ს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ქედელიძემ განუცხადა.

მან საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშზე საუბრისას საცალო ფასებში საწვავის თვითღირებულების შემცირების დაგვიანებული ასახვა გამოყო.

"ძირითადი მიგნება და ყურადსაღები საკითხი, რაც 2024 წლის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა ისაა, რომ 2024 წლის მაისიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე, ფასები მსხვილი კომპანიების დონეზე იყო ძირითად შემთხვევებში უცვლელი, აღნიშნულის პარალელურად მცირდებოდა საწვავის თვითღირებულება. უკვე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან პრინციპში აისახა შემცირებული თვითღირებულება ძირითად შემთხვევებში საცალო ფასებზე, თუმცა სააგენტო ამგვარ ცვლილებას განიხილავს როგორც თვითღირებულების საცალო ფასებზე დაგვიანებულ ასახვას. ამის მიზეზი გარკვეულწილად შეიძლება მარაგებიც იყოს, ასევე შესაძლებელია ბაზარზე არსებობდა სხვადასხვა რისკები, ადგილი ჰქონდა მოლოდინებს, რომ სამომავლოდ შესასყიდი საწვავის ფასი გაძვირდებოდა",- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.

მისი თქმით, სააგენტო ამ ეტაპზე მოკვლევის დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია შემდგომ პერიოდზე.

"სააგენტო შემდეგი 3 თვის განმავლობაში უკვე ურო ფართო სურათში შეაფასებს კომპანიების ქმედებას და გადაწყვეტილებებს ბაზარზე. დაახლოებით 2025 წლის აპრილში გახდება საჯარო პირველი კვარტალის ანგარიშის შედეგები, რომლებიც მეტ კითხვას გასცემს პასუხს",- ამბობს გიორგი ქედელიძე.

ის აღნიშნავს, რომ 1240-მდე ავტოგასამართი სადგურია, საიდანაც 500-მდე 5 მსხვილ კომპანიაზე მოდის.

"ბაზარზე კონკურენცია არის, თუმცა გარკვეული კომპანიები უფრო მაღალ საფასო სეგმენტში ოპერირებენ, მათი საბაზრო ძალა უფრო მეტია. შესაბამისად, სააგენტო მეტ დაკვირვებას ამგვარ კომპანიებზე ახორციელებს",- განმარტავს გიორგი ქედელიძე.

რაც შეეხება 2023 წელს, მოკვლევის საფუძველზე 5 ნავთობკომპანიის 4 მილიონამდე ლარით დაჯარიმებას, რაც კომპანიებმა სასამართლოში გაასაჩივრეს, გიორგი ქედელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

რა აჩვენა საწვავის ბაზრის მონიტორინგმა 2024 წელს? - შუალედური ანგარიში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები