მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროპის მასშტაბით ელექტრომობილების გაყიდვები თითქმის მესამედით გაიზარდა. მოთხოვნის ნახტომისებური ზრდა ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულმა სანავთობო კრიზისმა განაპირობა, რომელმაც ბენზინის და დიზელის მკვეთრი გაძვირება გამოიწვია.
E-Mobility Europe-ისა და New Automotive-ის მონაცემებით, ევროპის 15 ქვეყანაში ახალი ელექტრომობილების რეგისტრაცია 29.4%-ით გაიზარდა და 560,000 ერთეული შეადგინა, მხოლოდ მარტის თვეში კი მაჩვენებელმა 240,000-ს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51%-იანი ზრდაა.
რეგიონის ხუთ უმსხვილეს ბაზარზე - გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და პოლონეთში - მიმდინარე წელს ელექტრომობილების გაყიდვების 40%-ზე დიდი ზრდა დაფიქსირდა. მარტის მონაცემებით, ევროკავშირსა და თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში რეგისტრირებული ყოველი მეხუთე ახალი ავტომობილი ელექტრომობილი იყო.
E-Mobility Europe-ის გენერალური მდივნის, კრის ჰერონის განცხადებით, ელექტრომობილებზე გადასვლა ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ნავთობზე დამოკიდებულება რეგიონის სუსტ წერტილად იქცა. სპეციალისტების გათვლებით, მხოლოდ პირველ კვარტალში გაყიდული ნახევარი მილიონი ელექტრომობილი ნავთობის მოხმარებას წლიურად 2 მილიონი ბარელით შეამცირებს.




























