მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საწვავის გაძვირების გამო გადაზიდვის ტარიფი კონკრეტულ მიმართულებებზე 2-5%-ით გავზარდეთ”- UPS

იუპიესი

საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება. საწვავის გაძვირებას უკვე ჰქონდა ეფექტი საერთაშორისო გადაზიდვებზე, შესაბამისად, ამანათების გადამზიდავ კომპანიებს არსებული ტარიფების დაკორექტირება მოუწიათ.

მოგების შემცირების ხარჯზე კონკრეტულ მიმართულებაზე ძველი ტარიფების შენარჩუნებას კომპანია UPS-ში ცდილობენ. საქართველოში UPS- ის ავტორიზებული კონტრაქტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი გვიხსნის, რომ გარკვეულ შემთხვევებში ფასების ზრდა მაინც მოუწიათ. მათი თქმით, არსებული ტარიფები კონკრეტულ მიმართულებებზე 2-დან 5 პროცენტამდეა გაზრდილი.

“გადაზიდვის ღირებულება განისაზღვრება ორი ძირითადი ტარიფით, ერთი არის ძირითადი ტარიფი და შემდეგ არის ეს საწვავის დანამატი, რაც პირდაპირ მიბმული არის საავიაციო საწვავის გაძვირებასთან. ჩვენი სტრატეგია არის შემდეგნაირი, რომ ძირითადი ტარიფი განისაზღვრება ხოლმე წლის განმავლობაში ერთხელ და შემდეგ უკვე საწვავის დანამატის ცვლილებიდან გამომდინარე ვახორციელებთ კორექტირებას. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელზე ეს არ აისახოს და ამ ეტაპზე, რაც შესაძლებლობაც გვაქვს, ძალიან მცირედით სხვადასხვა მომხმარებელს გაუძვირდა მომსახურების ტარიფი, თორემ როგორც ასეთი, ტარიფი არ შეცვლილა და იგივე ტარიფი გვაქვს, რაც გვქონდა. ვცდილობთ, რომ ამ რთულ სიტუაციაში მომხმარებლებზე ნაკლები ტვირთი იყოს ამ გადაზიდვის ტარიფის გაძვირების ნაწილში.

ეს ყველაფერი ხორციელდება მოგების შემცირების ხარჯზე, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგნაირი, რომ რაღაც მცირე პერიოდიანი მერყეობა არ გამოვიყენოთ და აქედან რაღაც დამატებითი შემოსავალი არ მივიღოთ, თუ ეს შეგვიძლია და მომხმარებელზე მყისიერი და უფრო მეტი პროცენტული ზრდა შევაჩეროთ. ამ ნაწილში სულ ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს ჩვენ თითოეული მომხმარებლის მიმართ და შესაძლებლობის ფარგლებში, ვინ რა მიმართულებაზე თანამშრომლობს, აქ უკვე ინდივიდუალურად ვუდგებით ამ საკითხს. ზოგს შეიძლება 5%-ით გაუძვირდა, ზოგს 2%-ით,”- ამბობს UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი.

ცნობისთვის, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით, საერთაშორისო ბაზარზე საავიაციო საწვავის საშუალო ფასი 7%-ით 209 დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში ზრდა 130%-ს აღემატება. რეგიონების მიხედვით საწვავის ფასი განსხვავებულია, საავიაციო საწვავი კი ყველაზე ძვირი ევროპასა და აზიაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები