მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის იმპორტში რუსეთის ალტერნატიული ბაზარი ბელარუსი და ბულგარეთია - ზაალ იაკობიძე

Senta

ნავთობიმპორტიორი კომპანია Senta Petroleum-ის დამფუძნებლის ინფორმაციით, რუსეთიდან საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, საქართველოში საწვავის იმპორტი ბელარუსიდან და ბულგარეთიდან გააქტიურდა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა “საქმიან დილაში“ ისაუბრა.

ზაალ იაკობიძე განმარტავს, რომ დღეს ბაზარზე საწვავის დეფიციტის პრობლემა არ დგას და ისიც თქვა, რომ ბელარუსული საწვავი ხარისხით რუსული საწვავის ანალოგიურია, ხოლო ფასით უფრო ძვირია.

„რუსეთის ბაზარი დღეისთვის დაკეტილია და საწვავი სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის. ძირითადად ეს იყო ბელარუსი და ბულგარეთი, საიდანაც ამ პერიოდში საწვავის იმპორტი ხდებოდა.

რუსეთის ალტერნატივა ბელარუსი და ბულგარეთია, საიდანაც აპრილსა და მაისში საწვავის საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვიდა და შესაბამისად დეფიციტზე საუბრის არანაირი საფუძველი არ არის.

ბელარუსიდან მიღებული საწვავის ხარისხი დაახლოებით იგივეა, ფასით კი უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთიდან მიღებული საწვავი“, - აცხადებს იაკობიძე და დასძენს, რომ რუსეთიდან საწვავის ექსპორტი დაწესებული აკრძალვის მოხსნაზე საუბრები მიდის, თუმცა ეს საუბრის დონეზე რჩება და ამის ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. დარწმუნებით კი იმის თქმა, რომ აკრძალვა მოიხსნება რთულია.

Senta Petroleum-ის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის შემცირებას ადგილობრივ საბითუმო ბაზარზეც აისახა, თუმცა საცალო ქსელზე ამას გავლენა ჯერ არ ჰქონია.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი შემცირდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე იქონია გავლენა და პირველ რიგში, ეს საბითუმო ბაზარს შეეხო. დღეისთვის საბითუმო ფასები 10-15 თეთრით შემცირებულია. ავტოგასამართ სადგურებზე შეიძლება დღეისთვის შემცირებული არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მცირე პერიოდში ფასი დაიკლებს სადგურებზეც“, - განმარტავს ზაალ იაკობიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები