ოკუპირებულ ყირიმში საწვავის დეფიციტისა და მომარაგების შეფერხების გამო, ტურისტული სეზონი მძიმე გამოწვევების წინაშეა. არსებული ინფორმაციით, ნახევარკუნძულზე სასტუმროების ყოველ ორ ახალ ჯავშანზე 10 გაუქმება ფიქსირდება, რაც ტურისტების მხრიდან საწვავის გარეშე დარჩენის შიშს უკავშირდება.
Travelline-ის მონაცემებით, ყირიმში ჯავშნების 79%, ხოლო სევასტოპოლში 71% უკვე გაუქმდა. მაგალითად, ქალაქ საკის ერთ-ერთმა სასტუმრომ დამსვენებლებს ორდღიანი ჯავშნის შემთხვევაში 10 ლიტრი, ხოლო სამი ან მეტი ღამით დარჩენისას 20 ლიტრი ბენზინი შესთავაზა, რომელიც ელექტროგენერატორებისთვის განკუთვნილი მცირე რეზერვიდან იყო გამოყოფილი, თუმცა საწვავის ამოწურვის გამო აქცია ოთხ დღეში გაუქმდა.
როგორც ირკვევა, ნახევარკუნძულზე არსებული კრიზისული მდგომარეობა 2026 წლის მაისის ბოლოს დაწყებული პროცესების ნაწილია. ნოვოროსიისკთან დამაკავშირებელ გზაზე უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად წარმოქმნილი ლოგისტიკური პრობლემების გამო, ე.წ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბენზინის გაცემაზე ლიმიტები დააწესა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს ყირიმში ჩასული ვიზიტორების 76% ავტომობილებითა და ავტობუსებით გადაადგილდებოდა, 24% კი მატარებლით მგზავრობდა. ყირიმის ხიდამდე არსებული ბოლო ავტოგასამართი სადგურიდან ისეთ პოპულარულ კურორტებამდე, როგორიც ფეოდოსია და იალტაა, მანძილი 250-300 კილომეტრს შეადგენს, რაც ნახევარკუნძულზე საწვავის შევსების გარანტიის გარეშე მგზავრობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
თავად საწვავის კრიზისი უკრაინულ შეტევებს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება.




























