რუსეთი ინდოეთიდან საწვავის მსხვილი პარტიების იმპორტისთვის ემზადება, რადგან ქვეყანაში ბენზინის დეფიციტმა უკვე შიდა მოხმარების 20%-ს მიაღწია.
Reuters-ისა და The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იმ ნავთობკომპანიებისთვის ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც საწვავს უცხოეთში შეიძენენ. ახალი კანონპროექტი, რომელიც საწვავის ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, სახელმწიფო სათათბიროს საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. სუბსიდიების მოცულობა ინდოეთის ბაზარზე არსებული საორიენტაციო ფასებისა და პორტებიდან ტრანსპორტირების ხარჯების მიხედვით გამოითვლება.
როგორც ირკვევა, ქვეყანაში საწვავის კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური იერიშები მიიტანეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინულმა მხარემ 15 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რის შედეგადაც რუსეთის პირველადი გადამუშავების სიმძლავრეების თითქმის 40% მწყობრიდან გამოვიდა, ნავთობის გადამუშავების საერთო მაჩვენებელი კი ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.
არსებული დეფიციტის დასაფარად მოსკოვი საწვავს ბელარუსიდანაც ყიდულობს, თუმცა მინსკის მიერ დღეში მიწოდებული 3 000-დან 5 000 ტონამდე ბენზინი საკმარისი არ არის იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ყოველდღიური დანაკლისი 25 000 ტონას შეადგენს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის ნავთობმომპოვებელ მთავარ რეგიონში, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში, ასევე 50-ზე მეტ სხვა რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბენზინისა და დიზელის საცალო გაყიდვებზე მკაცრი ლიმიტები დაწესდა.
შექმნილი ფინანსური და საოპერაციო პრობლემების გამო, რუსეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2 აპრილს აამოქმედა გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ბენზინის ექსპორტის აკრძალვის ვადის ივლისის ბოლომდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.




























