საწვავსა და ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" დეკემბრის მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკის მიმოხილვაში წერია.
კერძოდ, მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან საწვავზე ფასების ზრდა უნაღდო დანახარჯებზეც აისახა და წლიურმა ცვლილებამ დეკემბერში, თიბისი ბანკის არხებით, 16% შეადგინა.
მეორე მხრივ, ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირებას განაგრძობს და დეკემბერში 51 ლარს გაუტოლდა. ამასთან, მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯები, "თიბისი ბანკის" არხებით, წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 75 ლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება ფარმაციას, მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში, უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, "თიბისი ბანკის" არხებით, წლიურად 9%-ს გაუტოლდა. უნაღდო დანახარჯები პირად ჰიგიენაზე, 2022 წელთან შედარებით, ასევე გაიზარდა და 13% შეადგინა. ხოლო უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი ექიმთან ვიზიტებზე, "თიბისი ბანკის" არხებით, სტაბილურია და წლიურად 17% შეადგინა, სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯები კი წლიურად 19%-ით გაიზარდა.