მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწვავზე 3-ჯერ იაფი უნდა დაჯდეს ელექტრომობილის ფლობა" - რას გეგმავს "და-ტენე"?

დატენე

Green Energy-ის შვილობილი კომპანია "და-ტენე" ელექტრომობილების დამუხტვის პირველ მასშტაბურ პუნქტს ოქტომბრიდან გახსნის - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელი, დავით შვანგირაძე საუბრობს.

მისი თქმით, ოქტომბრიდან 30 ავტომობილზე გათვლილი 15 სატენი მოეწყობა, სამომავლოდ კი ამ წამოწყების მნიშვნელოვნად გაფართოება იგეგმება.

"და-ტენე" პირველი იქნება, ვინც შექმნის მიზიდულობის ცენტრებს, სადაც ელექტრომობილების დამუხტვა იქნება შესაძლებელი. ოქტომბრის პირველ რიცხვებში უკვე დავამონტაჟებთ თხუთმეტ 120 კილოვატიან სატენს, რომელიც ჯამში 30 ელექტრომობილზე იქნება გათვლილი. მაგრამ 2025 წლის II კვარტალის ბოლომდე, ჩვენი მიზანია, შერეული სიმძლავრეების მქონე 300 სატენი დავაყენოთ.

ჩვენი მთავარი მიზანია, მიზიდულობის ისეთი ადგილები შევქმნათ, სადაც ელექტრომობილებით მიხვალ და მობილიზებული დაგხვდება 20-30 მანქანის ადგილი, კვების ობიექტი, მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები", - ამბობს შვანგირაძე.

"და-ტენეს" დამფუძნებლის თქმით, საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო, ინფრასტრუქტურა არ არსებობს, კომპანია კი ავტომობილის დამუხტვის კომფორტულ და ხელმისაწვდომ სერვისს დანერგავს.

"იდეა წამოვიდა მას შემდეგ, რაც თავად შევიძინე ელექტრომობილი და საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა, თუმცა რიგი პრობლემებიც გამოიკვეთა, მაგალითად, რეგიონში გასვლა. ბათუმში ჩასვლა ჭირს. ჩახვალ, თუმცა შემდეგ იქ რას იზამ და უკან როგორ წამოხვალ? არ არის ინფრასტრუქტურა, რომ მიხვიდე და კომფორტულად დატენო ელექტრომობილი.

ეს დიდი დისკომფორტია და გვსურს, ერთი წლის განმავლობაში ეს პრობლემა სრულად აღმოვფხვრათ, რომ საქართველოშიც თამამად იყიდონ მოქალაქეებმა ელექტრომობილები და იცოდნენ, რომ კომფორტი ექნებათ. მთავარია, ეს შეღავათიანიც იყოს: საწვავზე 3-ჯერ იაფი უნდა დაჯდეს ელექტრომობილის ფლობა", - ამბობს შვანგირაძე.

"და-ტენეს" დამტენები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება, რომელთა ნახვაც მობილურ აპლიკაციაში იქნება შესაძლებელი. შვანგირაძის თქმით, აპლიკაციაშივე იქნება ინტეგრირებული გადახდის სისტემა და, მომხმარებელს, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტით გადახდის საშუალებაც ექნება.

ამასთან, როგორც შვანგირაძე განმარტავს, "და-ტენე" ელექტროენერგიას Green Energy-ის მზის ინდუსტრიული ელექტროსადგურიდან შეისყიდის. აღნიშნული სადგური კი ასევე ოქტომბრიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები