მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათხილამურო ინსტრუქტორებს, სავარაუდოდ, სერტიფიცირება მოუწევთ - ასოციაცია

63e5070ca72f8
ინგა მურუსიძე
12.02.23 00:40
1952
"სათხილამურო ინსტრუქტორები, სავარაუდოდ, სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან", - ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს სამთო-გამყოლთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა და საერთაშორისო სამთო გამყოლმა ილია ბერულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი აისახება, სავარაუდოდ, ტურიზმის შესახებ ახალ კანონში, რომელიც პარლამენტში წარსადგენად მზადდება.

ილია ბერულავას ინფორმაციითვე, მიმდინარე კვირაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ სათხილამურო სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი ზამთრის კურორტებზე არსებულ სხვადასხვა გამოწვევას და გამოსავლის გზებს შეეხო.

გიდის აზრით, ერთ-ერთი პრობლემაა ისიც, რომ სათხილამური სპორტის წარმომადგენლებს არ ჰყავთ ზედამხედველი სტრუქტურა, ვისაც თავიანთ პრობლემებს გაუზიარებენ და ტურიზმის შესახებ ახალი კანონით ამ საკითხის მოწესრიგება კარგი იქნება. მისივე ინფორმაციით, სამთო მწვრთნელები, სავარაუდოდ, კონკრეტულ სტრუქტურას დაექვემდებარებიან, თუმცა რომელი იქნება ეს ორგანიზაცია და იქნება თუ არა ეს სახელმწიფო სტრუქტურა, ჯერ უცნობია.

„ტურიზმის ადმინისტრაციის ხედვა, რომელიც ჩვენს მიმართულებას ეხება, ახალი და გამოგონილი არ არის, ეს არის ევროპული პრაქტიკა, რომელიც ადაპტირდება საქართველოზე. ახალი კანონით, ყველა მსურველს, რომელსაც მწვრთნელობა სურს, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი, მოუწევს საერთაშორისო სერტიფიკატის აღება, რომელსაც კონკრეტული უწყება გასცემს. მაგალითად, ევროპიდან ჩამოსულ ინსტრუქტორს, რომელსაც უკვე აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი, თავიდან აღება აღარ მოუწევს, უბრალოდ, შესაძლოა შემოწმდეს და ამის შემდეგ ექნება მუშაობის შესაძლებლობა. ახლა ეს პრობლემა რეალურად დგას, რადგან არის შემთხვევები, როცა მაგალითად რუსები, უკრაინელები ჩამოდიან და აქვთ მწვრთნელის სერტიფიკატი, თუმცა არავინ იცის, ვისი გაცემულია და არის თუ არა საერთაშორისო. განისაზღვრება ორგანიზაცია, ან სტრუქტურა, რომელიც სერტიფიკატებს შეამოწმებს“, - თქვა ბერულავამ.

აქვე სამთო გამყოლმა გიდმა bm.ge-სთან რამდენიმე კვირის წინ გუდაურში უცხოელ და ქართველ ინსტრუქტორებს შორის დაპირისპირების ფაქტები გაიხსენა, რაზეც საერთაშორისო მედიაშიც დაიწერა. კერძოდ, 18 იანვარს, ავსტრალიურმა გამოცემა ABC Australia-მ დაწერა, რომ გუდაურში ადგილობრივები საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორების მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

"ის არ იყო პირველი შემთხვევა და სავარაუდოდ, არც ბოლო იქნება, რადგან ადგილობრივებს თავიანთი უფლებების დაცვა უწევთ. ამდენად, ინსტრუქტორების სერტიფიცირება ამ საკითხს მოაგვარებს. ყველას ეცოდინება, ვის აქვს ინსტრუქტორობის უფლება. სერიოზული პრობლემაა ასევე კომუნიკაცია, ჩვენ არ გვყავს წარმომადგენელი, ვისთანაც პრობლემების შემთხვევაში მივალთ და ის ამას მოგვიგვარებს, მაგრამ კარგი ის არის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო“, - აღნიშნა ილია ბერულავამ.

ასოციაციების ფორმატში ტურიზმის სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენელთან, მათ შორის სათხილამურო სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადასტურებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძეც, რომლის თქმითაც, მთავარი მიზანი სწორედ დარგში არსებული პრობლემების თუ საჭიროებების გაცნობა და კერძო სექტორის მოსაზრებების მოსმენაა.

"მიმაჩნია, რომ გამოწვევების გადაჭრისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მათი იდენტიფიცრება. სწორედ ამიტომ უკვე შევხვდი რესტორატორებს, ტუროპერატორებს, სასტუმროების ასოციაციას, სათავგადასავლო ტურიზმის გიდებსა და ა.შ. მათგან ვისმენ პრობლემებს და ვპირდები, რომ დაჯგუფდება საკითხები, შედგება სამუშაო ჯგუფები ასოციაციების ფორმატში, სადაც დეტალური მსჯელობები გაიმართება; გიდებთან და სათხილამურო ინსტრუქტორებთან შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ მათი სერტიფიცირება დადგა, რაც ნამდვილად განიხილება“, - განუცხადა bm.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები