მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

სატყეო სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. კერძოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ბესიკ ამირანაშვილის ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გადაიყვანეს. დაცულ ტერიტორიებს კი ოთარ ედიშერაშვილი უხელმძღვანელებს.

როგორც BM.GE-ს ეროვნულ სატყეო სააგენტოში განუცხადეს, უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა კახა ცერცვაძემ საჯარო სექტორიდან ბიზნესში გადაინაცვლა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი უფროსი ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს, ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ოთარ ედიშერაშვილი წარუდგინა.

„პროფესიონალიზმის და გამოცდილების, მათ შორის რეგიონებთან მუშაობის, გათვალისწინებით, არჩევანი შევაჩერეთ ბატონ ბესიკ ამირანაშვილზე, რომელიც მზადაა იმ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ჩაუდგეს სათავეში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. კიდევ უფრო მეტად განვითარდება დარგი, მეტად დავიცავთ ტყეს და ვიზრუნებთ მის აღდგენაზე; უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა; ამავდროულად, ხელს შევუწყობთ სააგენტოს განვითარებასაც. მოგეხსენებათ, რომ რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასები, რაც უდავოდ ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ბესიკ ამირანაშვილის წარდგენისას.

მინისტრმა სატყეო სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა ცერცვაძეს გაწეული საქმიანობისთვის და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების გავრცელებული ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი პროფესიით იურისტია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე; დღემდე ბესიკ ამირანაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ოთარ ედიშერაშვილს წარდგენისას, დავით სონღულაშვილმა მას წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცული ტერიტორიების მდგრად განვითარებას ემსახურება.

„ოთარ ედიშერაშვილს აქვს სხვადასხვა სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ახალი ხედვებით განვავითაროთ დაცული ტერიტორიების სააგენტო და წარმატებით ვუპასუხოთ როგორც არსებულ, ისე სამომავლო გამოწვევებს. დაცული ტერიტორიები და მისი ბიომრავალფეროვნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეა, რითიც ჩვენი ქვეყანა საინტერესო და უნიკალურია; სწორედ ამიტომ, მათი მართვა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და სისტემურ მიდგომას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე შეძლებს წარმატებით მართოს სააგენტო ისე, რომ, ერთი მხრივ, დაცული იყოს ეს უნიკალურობა და, მეორე მხრივ, დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები