"საუბარი იმაზე, რომ მე ვარ აუდიტორი, მაგრამ ვერ ვაკმაყოფილებ აუდიტის სტანდარტებს ცოტათი აბსურდულია", - განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას EY Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის საბჭოს წევრმა რუსლან ხოროშვილმა. მისი თქმით, თუ კომპანია იმ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, რომელიც აუდიტორულ კომპანიებს უწესდებათ, მათ აუდიტი არ უნდა ჩაატარონ.
„ნამდვილად არის ეს პრობლემა და კომპანიებმა უნდა იმუშავონ რომ დააკმაყოფილონ სტანდარტები, როგორც მცირე ისე დიდმა კომპანიებმა, რადგან მათაც აქვთ პრობლემები. დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ რომ აუდიტი იყოს ხარისხიანი და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს ასე იქნება, თუ ბევრ ძალისხმევას არ დავხარჯავთ.
ამ სამსახურის ფუნქცია ზუსტად ესაა, რომ აუდიტორულ კომპანიას, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ხარიხის მინიმალურ სტანდარტებს შენიშვნები, რეკომენდაციები, და დრო მიეცეთ პრობლემის გამოსასწორებლად. საბოლოო ჯამში კი მათ შესაძლოა შეეზღუდოთ საქმიანობა.
300-მდე კომპანია, რომელიც თავს აუდტორს არქმევს, მაგრამ ისინი რეალურად აუდიტორები არ არიან, - გასცემენ საგადასახადო რჩევებს, რეკომენდაციებს, უბრალოდ ამ მომსახურებას საერთო სახელი „აუდიტორი“ ფარავს“, - ამბობს ხოროშვილი.
სექტემბრიდან აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი დაიწყება, აუდიტორული ფირმების რეესტრში ამ დრომდე 208 აუდიტორული კომპანიაა რეგისტრირებული, „სდპ“ აუდიტის დროებითი უფლებამოსილება კი მხოლოდ 17 მათგანს აქვს.

























