მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუბარი იყო, რომ კლინიკებში პაციენტთა დიფერენცირება მოხდეს “- ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შედეგები

5fa4084ea103b
ელენე გოგბერაშვილი
05.11.20 21:30
812

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდის მართვაში ჩართულ კლინიკებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

შეხვედრას 20-მდე კლინიკის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მათ შორის იყო „ამტელ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორი ლაშა მაჭარაშვილიც.

მაჭარაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მინისტრთან საუბარი შეეხო ახალ პროტოკოლს, რომელიც კლინიკებში პაციენტთა დიფერენცირებას ითვალისწინებს იმისთვის, რომ დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე შემცირდეს.

„შემუშავებულია ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არის გაწერილი პაციენტის კოვიდ-სასტუმროში ან სახლში მართვის კრიტერიუმები.

ძირითადი საუბარი მაინც იყო იმაზე, რომ კლინიკების ემერჯენსში მოხდეს პაციენტის დიფერენცირება, ანუ პაციენტი, რომელიც საჭიროებს სტაციონარს, უნდა დარჩეს სტაციონარში, შედარებით მსუბუქი პაციენტები სათანადო გამოკვლევების შემდეგ შეიძლება გადავიდეს კოვიდ-სასტუმროში ან სახლში, რომელიც იქნება ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს რასაკვირველია განტვირთავს საავადმყოფოების საწოლფონდს და ალბათ, უფრო უპრიანი იქნება ამ მეთოდის გამოყენება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

შეხვედრაზე გაიმართა ასევ მსჯელობა, სად უნდა მოხდეს პაციენტის კოვიდ-სასტუმროში ან ბინაზე გადაყვანამდე ამბულატორული გამოკვლევა – კლინიკებში თუ განთავსების ობიექტებში.

„ამაზე იყო მსჯელობა, ვის რა აზრი ჰქონდა. შესაძლებელია პაციენტს გაუკეთო გამოკვლევა და მერე გადაიყვანო. ესეც შესაძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ანალიზების აღება როგორც კოვიდ-სასტუმროში, ისე სახლში. კომპიუტერული ტომოგრაფიის საჭიროების შემთხვევაში კი მოხდება პაციენტის კლინიკაში გადმოყვანა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ჰოსპიტალური სისტემის დატვირთვის შემცირების დავალება დღეს უკვე ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერისგან მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები