ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან შეტანილი საწვავის მოცულობა 300 ტონას შეადგენს და არა 3 000 ტონას - ამის შესახებ BMG-ს კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საწვავი ძირითადად გალის ავტოგასამართ სადგურებს მიეწოდა და პროდუქციის მიწოდება ბოლო დღეებში განხორციელდა.
„აქ არ არის საუბარი რაღაც დიდ რაოდენობებზე. ის რაოდენობა, რაც ჩვენ მივაწოდეთ ცხრა მანქანა არის. 300 ტონამდეა მაქსიმუმ საუბარი და არა რაღაც 3000 ტონაზე“, - განაცხადა არველაძემ.
მისივე განმარტებით, 3 000 ტონა საწვავის მიწოდებას გაცილებით დიდი ლოგისტიკური რესურსი დასჭირდებოდა.
„3000 ტონას სჭირდება გემი. 3000 ტონა ახლა აქ, საქართველოში არ არსებობს, რომ ვინმეს თავის რეზერვში ჰქონდეს თავისუფალი, რომ ვინმემ გამოართვას“,- აღნიშნა მან.
არველაძის ინფორმაციით, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე სატვირთო ავტომობილით, ენგურის ხიდის გავლით შევიდა.
„ძირითადად მივაწოდეთ გალის ავტოგასამართ სადგურებს, მოსახლეობისთვის. თორემ იქ უკვე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა“, — განაცხადა „სოლიდუსის“ მფლობელმა.
მისივე თქმით, საწვავის მიწოდება აფხაზეთში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება. არველაძის განცხადებით, მანამდე აფხაზეთის საწვავის ბაზარზე რუსული პროდუქცია დომინირებდა.
„აქამდე რუსულ საწვავს ჰქონდა მთლიანად დაკავებული აფხაზეთის ბაზარი. ეს ტრანზაქცია პირველად მოხდა ამ სახის 30 წლის განმავლობაში“, — განაცხადა მან.
ინტერვიუ გიორგი არველაძესთან
გიორგი არველაძე: ეს შესაძლებლობა [აფხაზეთში მიწოდების] ახლა პირველად გაჩნდა. აქამდე იცით, რომ რუსულ საწვავს მთლიანად დაკავებული ჰქონდა აფხაზეთის ბაზარი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ სახის ტრანზაქცია პირველად განხორციელდა. ეს ჩემი და ჩემი აფხაზი მეგობრების დამსახურებაა. წერენ აბსურდულ, ასტრონომიულ ციფრებს — თითქოს 3000 ტონაზეა საუბარი, სინამდვილეში კი 300 ტონას ეხება საქმე.
ჟურნალისტი: გასაგებია.
გიორგი არველაძე: საწვავი ძირითადად გალის ავტოგასამართ სადგურებს მივაწოდეთ.
ჟურნალისტი: ანუ ჩვეულებრივი ტრანსპორტისთვის...
გიორგი არველაძე: დიახ, მოსახლეობისთვის. ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, 30-40 ათასი ქართველი 20-ლიტრიანი კანისტრებით გადმოდიოდა ზუგდიდში.
ჟურნალისტი: გასაგებია. ბატონო გიორგი, ეს ტრანსპორტირება მოხდა, რადგან 300 ტონაზეა საუბარი, ხომ?
გიორგი არველაძე: რა თქმა უნდა. ბიზნესსაქმიანობისთვის ერთადერთი გზა გვაქვს — ეს არის გალსა და ზუგდიდს შორის არსებული ენგურის (რუხის) ხიდი.
ჟურნალისტი: კი ბატონო.
გიორგი არველაძე: სხვა გზები არ არსებობს და არც კანონი ითვალისწინებს. წლებია, მკაცრად კანონის ფარგლებში ვმუშაობთ. უბრალოდ, ახლა ბენზინის თემა გახდა აქტუალური.
ჟურნალისტი: მთავრობისგან რაიმე დამატებითი ნებართვა დაგჭირდათ, თუ სპეციალური სტატუსი გაძლევთ ამის საშუალებას?
გიორგი არველაძე: ეს სტატუსი დიდი ხანია მინიჭებული გვაქვს.
გიორგი არველაძე: სპეციალური სტატუსი ნიშნავს, რომ ყველა კუთხით გვამოწმებენ და მისი მოპოვება მარტივი არ არის.
ჟურნალისტი: გასაგებია.
გიორგი არველაძე: ტვირთის შეტანა იოლი არ გახლავთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნავთობპროდუქტებს საქართველოდან იღებს.
ჟურნალისტი: ეს თქვენთან კომუნიკაციის შედეგია?
გიორგი არველაძე: სპეციალურად ჩავედი და ვესაუბრე. ექვსი დღე ვიყავი ადგილზე. აფხაზებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, რადგან ერთობლივ საქმიანობას ვაწარმოებთ.
ჟურნალისტი: დაახლოებით როდის მიაწოდეთ, შეგიძლიათ თარიღი მითხრათ?
გიორგი არველაძე: გუშინ და გუშინწინ.
გიორგი არველაძე: აქ დიდ რაოდენობებზე არ არის საუბარი. სულ სამ-სამი მანქანა ჯამში ცხრა ავტოცისტერნა მივაწოდეთ. მაქსიმუმ 300 ტონაზეა საუბარი და არა 3000-ზე. 3000 ტონას გემი სჭირდება.
ჟურნალისტი: დიახ, ამაზე უკვე გაკეთდა შეფასებები.
გიორგი არველაძე: 3000 ტონა თავისუფალი რეზერვი დღეს საქართველოში არავის აქვს, რომ ვინმეს გამოართვა.
ჟურნალისტი: მომავალში თუ არის ამის საჭიროება, რა ინფორმაცია გაქვთ?
გიორგი არველაძე: ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ქართველებმა და აფხაზებმა სულ ერთად ვაკეთოთ საქმე, მათ შორის ნავთობპროდუქტების სფეროშიც.
ჟურნალისტი: გასაგებია.
გიორგი არველაძე: ვფიქრობ, საერთო ენის გამონახვა ყველას გაუხარდება.
ჟურნალისტი: ამგვარად, თქვენ არ დაგიღვევიათ „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“?
გიორგი არველაძე: რატომ უნდა დავარღვიო, როდესაც ყველაფერი კანონშია გაწერილი?
ჟურნალისტი: დიახ, მათ შორის იმ დადგენილებით, რომლითაც ეს სტატუსი გენიჭებათ.
გიორგი არველაძე: მით უმეტეს, ეს ახალი თემა არ არის. ეს მექანიზმი ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაიდო კანონში და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ გამონაკლისი შემთხვევები დაშვებულიყო. თითქმის 18 წელი დასჭირდა ამ მექანიზმის ამოქმედებას.
ჟურნალისტი: დაახლოებით რამდენი ხანია, რაც „სოლიდუსი“ ამ მიმართულებით მუშაობს? აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აწვდით.
გიორგი არველაძე: დაახლოებით 6-7 წელია...
გიორგი არველაძე: უბრალოდ, აქამდე ეს შესაძლებლობა არ არსებობდა. ახლა დეფიციტია, რუსეთს აღარ აქვს ნავთობპროდუქტები და შესაბამისად შანსი გაჩნდა. ხვალ და ზეგ შეიძლება სხვა შესაძლებლობებიც გაიხსნას და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,"- განაცხადა გიორგი არველაძემ BMG-სთან საუბარში.
12 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. მისი განცხადებით, საწვავი საქართველოს მთავრობას არ შეუტანია და ეს კერძო ბიზნესის მიერ განხორციელდა.
ამასთან, 11 აგვისტოთი დათარიღებული მთავრობის განკარგულებით, შპს „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მოქმედების ვადა სამი თვით გაუგრძელდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში BMG-ს განუცხადეს, რომ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით მთავრობას დამატებითი აქტი ან დოკუმენტი არ გამოუცია. ადმინისტრაციის განმარტებითვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობა შესაბამისი სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიებისთვის მოქმედი წესებით რეგულირდება. დღესვე "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი საწვავი 3 ათასი ტონას შეადგენდა.




























